ბაქოს საერთაშორისო ანიმაციურ კინოფესტივალზე – “ანიმაფილმი” – თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა
5 ოქტომბერს ბაქოს საერთაშორისო ანიმაციურ კინოფესტივალზე “ანიმაფილმი” ანიმაციის განვითარების ფონდის ხელმძღვანელისა და „თოფუზის“ ანიმაციური კინოფესტივალის დირექტორის, ზურაბ დიასამიძის, საპროდიუსერო კომპანიის, „მიფასი ფილმსის“, მიერ შექმნილი ნამუშევრების ჩვენება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებამ იხილა თერთმეტი თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმი; მაყურებელს ზურა დიასამიძესთან კითხვების დასმის შესაძლებლობაც მიეცა.
წელს ბაქოს საერთაშორისო კინოფესტივალზე (Baku Cinema Breeze), რომელიც, თავის მხრივ, აზერბაიჯანის ორ ყველაზე დიდ ანიმაციურ კინოფესტივალს – ბაქოს მე-7 ანიმაციურ კინოფესტივალსა და თურქული ანიმაციის ფესტივალს (ATA) – აერთიანებს, ქართული საპროდიუსერო კომპანია „მიფასი ფილმსი“ მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა, კერძოდ შემდეგი ნამუშევრებით: „პომიდორი“, „კედელი ჩემს სახლში“, „თავისუფლება“, „ჩაი“, „ღამის სესია“, „გოდერძი“ (რეჟისორი პეტრე თომაძე), „მამა“ (რეჟისორი არჩილ კუხიანიძე), „მოკლე საუბარი“, „სამეფო მასხარა“ (რეჟისორი საბა ქარსელაძე) და „მაგიური საღამო“ (რეჟისორი არსენი ოქრუაშვილი).
შეხსენებისთვის – 2-8 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში პირველად იმართება საერთაშორისო კინოფესტივალი (Baku Cinema Breeze), რომელიც მოიცავს ოთხ საერთაშორისო კინოფესტივალსა და კინობაზრობას, რომელზედაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ქართული სტენდით იყო წარმოდგენილი.