ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადაზე ნინო ჩხაიძემ ვერცხლის მედალი, ხოლო გვანცა ხვედელიძემ საპატიო დიპლომი მოიპოვეს

დასრულდა ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადა, სადაც ნინო ჩხაიძემ ვერცხლის მედალი, ხოლო გვანცა ხვედელიძემ საპატიო დიპლომი მოიპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დასრულდა ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადა ინფორმატიკაში. როგორც ვწერდი, წელს ჩვენი გუნდი ორი გოგონათი იყო წარმოდგენილი. პირველი ტურის შემდეგ ორივე მათგანი ინარჩუნებდა მედლის აღების შანსს. ნინო ჩხაიძე პირველი ტურის შედეგების მიხედვით ოქროს ზონაში იყო, ხოლო გვანცა ხვედელიძე ბრინჯაოს ზონასთან ძალიან ახლოს. მეორე ტურის მიმდინარეობის დროს გვანცა შევიდა ბრინჯაოს ზონაში და დიდხანს ინარჩუნებდა იქ ადგილს. ასევე დიდხანს იყო ოქროს ზონაში ნინოც. თუმცა, როგორც ვამბობდი, კონკურენცია მძაფრი და “ბრძოლა” უშეღავათო იყო. ასეთ ოლიმპიადებზე კი საბოლოო წარმატების მიღწევაში ცოდნასთან ერთად კიდევ ბევრი სხვა ფაქტორიც თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. საბოლოოდ, ნინომ ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა, რაც ასევე ძალიან კარგი მიღწევაა, ხოლო გვანცამ ბრინჯაოს მედალი ვერა (სულ ცოტა დააკლდა მედლამდე), მაგრამ სპეციალური საპატიო დიპლომი დაიმსახურა, რომელსაც კარგი  შედეგებით გამორჩეულ არამედალოსნებს გადასცემენ. მან კი სხვა მოგროვილ ქულებთან ერთად ორი ამოცანის სრულად ამოხსნაც შეძლო. ვულოცავ ორივე მათგანს მიღწეულ წარმატებას. ნინო გოგონათა ოლიმპიადაზე მესამედ მონაწილეობდა და მისთვის ეს რიგით მესამე მედალი იყო (ჯამში 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო). მან სკოლა უკვე დაასრულა, ხოლო გვანცას წინ კიდევ 2 წელი აქვს და დარწმუნებული ვარ მომავალში უკეთეს შედეგებს მიაღწევს. ვულოცავ ჩვენს გუნდს და გოგონებს მიღწეულ წარმატებას. ასევე ვულოცავ ყველას, ვისაც რაიმე წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგში და ვისაც ეს ამბავი გაახარებს 🙂 გუნდის ოლიმპიადაში მონაწილეობა დააფინანსა განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტრომ.  სხვა სპონსორისა და თანამდგომთა შესახებ პირველ წერილში უკვე დავწერე. სეზონი გაიხსნა და ის ერთი მედალი, რომელიც ფოტოზე ხელში მიჭირავს, ჩვენი პირველი მერცხალია. წინ კიდევ ორი დიდი ოლიმპიადა გველოდება და დარწმუნებული ვარ, მას კიდევ რამდენიმე მერცხალი მოჰყვება 🙂 გუნდი თბილისში ხვალ საღამოთი დაბრუნდება. მომავალ შეხვედრამდე მოლდოვაში, ევროპის მე-8 ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე“, –  წერს გიორგი მანდარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები