22 – 30 ივნისს თბილისი ბალეტის ფესტივალს უმასპინძლებს

22 – 30 ივნისს თბილისის ბალეტის ფესტივალი გაიმართება, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები მიიღებენ. სპექტაკლები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

22 და 23 ივნისს ფესტივალს თანამედროვე ქორეოგრაფიის საღამოები გახსნის. საბალეტო დასი ორი ერთმოქმედებიანი ბალეტის პრემიერას შესთავაზებს მაყურებელს: დანიელი ქორეოგრაფი სებასტიან კლობორგი დადგამს ბალეტს “ფერფლი” • ASHES.

ისრაელელი თანამედროვე ქორეოგრაფი მარია ბარიოსი კი ანტონიო ვივალდის და ასტორ პიაცოლას მუსიკაზე დადგამს ბალეტს “თვალის დახამხამება” • Eyeblink.

25 ივნისს ფესტივალის პროგრამით წარმოდგენილი იქნება ადოლფ ადანის ბალეტი „ჟიზელი”. წამყვან პარტიებს მსოფლიო ბალეტის გამორჩეული მოცეკვავეები დანიელ სიმკინი და მარია კოჩეტკოვა შეასრულებენ.

28 ივნისს მაყურებელი იხილავს ლუდვიგ მინკუსის ორმოქმედებიან ბალეტს “ბაიადერა” საბალეტო დასის წამყვანი სოლისტის ლაურა ფერნანდესის და ფინეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტის მიხალ კრცმარის მონაწილეობით.

ფესტივალი დაიხურება 30 ივნისს სპექტაკლით “გედების ტბა“, ინგლისის სამეფო ბალეტის (კოვენტ-გარდენი) წამყვანი სოლისტების – ფუნი კანეკოს და ვადიმ მუნტაგიროვის მონაწილეობით.

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა, მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი. ფესტივალი წელს მეხუთედ ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები