აშშ-ში საქართველოს საელჩომ ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის იუბილე აღნიშნა
ამერიკაში საქართველოს საელჩომ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსებიდან, მეათე წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებას უმასპინძლა. საღამოს აშშ-ში სტუმრად მყოფი საპატრიარქოს დელეგაციის წევრები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ტახტის მოსაყდრე და ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო.
საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას, საპატიო სტუმრების ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ერთხმად დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ ისტორიულ მნიშვნელობაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოს საბას უმნიშვნელოვანეს მოღვაწეობას, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
თავის გამოსვლაში მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, შიომ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს მხარდაჭერისათვის და ქართველ ემიგრანტებს გადასცა საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა. მიტროპოლიტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის უმნიშვნელოვანეს ღვაწლზე ეკლესიის აღორძინების, ქართველი მრევლის შემოკრებისა და განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული ოფიციალური შეხვედრების შედეგები.
მიღებაზე ვაშინგტონში არსებულმა კამერული მუსიკის გუნდმა The Capitol Hill Chorale, მაესტრო ფრედერიკ ბინკჰოლდერის ხელმძღვანელობით, სპეციალურად სტუმრებისათვის შეასრულა რამდენიმე საეკლესიო საგალობელი ზაქარია ფალიაშვილის „ქართული ლიტურგიიდან,“ გუნდი ვაშინგტონში მოღვაწე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოების მაღალჩინოსანი პროფესიონალებისგან შედგება. მუსიკოსები ბოლო წლების განმავლობაში, ორჯერ ეწვივნენ საქართველოს კონცერტებით, მათ შორის, მიმდინარე წლის ზაფხულში.