ლიზი გოზალიშვილი The Voice of Germany-ის მონაწილეა
19 წლის ქართველი მუსიკოსი ლიზი გოზალიშვილი The Voice of Germany-ის 2023 წლის სეზონში მონაწილეობს.
მისი გამოსვლა გერმანულ ტელეარხ ProSieben-ის ეთერში 12 ოქტომბერს გავიდა.
ლიზიმ მაიკლ ჯექსონის Earth Song-ს შეასრულა და ჟიურის და მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.
“ასეთი კონტროლის ქონა ამ სიმღერაზე ისე, რომ აქციო შენ საკუთარ სიმღერად, თითქმის შეუძლებელია.ყველამ იცის ეს სიმღერა, ყველას უმღერია ან მოუსმენია. აქამდე არასდროს მინახავს ვინმეს ასე თავისად ექცია ისე კარგად, როგორც შენ”, – ასე შეაფასა მისი ნამღერი ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ჯოვანიმ და სწორედ მისი გუნდის წევრი გახდა ლიზი გოზალიშვილი და მასთან ერთად კიდევ ერთხელ შეასრულა ეს სიმღერა.
“სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს – ნამდვილად ვერ”, – წერს სოციალურ ქსელში ლიზი. ჟიურის წევრის კითხვაზე კი, რატომ აირჩია ეს სიმღერა, მან უპასუხა:
“სიმღერა ისეთ თემას ეხება, რაც ძალიან აქტუალურია. მსოფლიოში დღეს ისევ ომია. მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სიმღერით მეთქვა ის რასაც ვფიქრობ”.
ლიზი გოზალიშვილი ამჟამად გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტში, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ქართულმა საზოგადოებამ ის ერთ-ერთი ქართული მუსიკალური პროექტიდან და თავისი საავტორო სიმღერებით გაიცნო.