11 მარტი – ქართული კულტურის დღესასწაული ჯორჯიის შტატში
ჯორჯიის შტატის ისტორიაში 11 მარტი შევიდა როგორც ევროპული კულტურის, კერძოდ, ქართული კულტურის დღესასწაული. ამ დღეს გაიმართა ფესტივალი “საქართველოს სული 2023”.
წელს ზეიმი კიდევ უფრო მასშტაბური გახდა – მას ჯორჯიის შტატის, გვინეტის ოლქის ოფიციალურმა პირებმა დაუჭირეს მხარი. კერძოდ, შუგარ ჰილის მერმა, შტატის კომისიონერმა, წარმომადგენელთა პალატის წევრმა, თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ჯორჯიის შტატის რაგბის ნაკრების პრეზიდენტმა.
დღესასწაული დაძმობილებულ ქალაქებს (ატლანტასა და თბილისს) შორის ხელშეკრულების ხელმოწერის 36 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ქალაქ შუგარ ჰილის მერი დიდი სიხარულით შეხვდა ნინა კიკნაძის წინადადებას გაფორმდეს კიდევ ერთი მეგობრობის პროკლამაცია. ეს უპრეცედენტო მოვლენა ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების ისტორიაში პირველად მოხდება ბოლო 36 წლის განმავლობაში. დიდი ალბათობით, არჩევანი შეჩერდება ტურიზმის მქონე ქალაქებზე, როგორიცაა ყაზბეგი, მცხეთა და თბილისი. ამის ორგანიზებას ხელს უწყობს ამერიკაში საქართველოს ელჩი ბატონი დავითი ზალკალიანი. ქალაქის მერმა, ბრენდონ ჰემბიმ ფესტივალის „საქართველოს სულის“ ორგანიზატორთან ნინა კიკნაძესთან საუბარში განაცხადა, რომ იგი დიდ სიამოვნებით დაუძმობილდება საქართველოს რამდენიმე ქალაქს.
არანაკლებ სენსაციური გახდა რაგბის ფედერაციის განცხადება, კერძოდ ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა:
„საქართველოს ნაკრებთან მეგობრობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. გვინდა ვნახოთ, როგორ ვარჯიშობენ თქვენი სპორტსმენები, რადგან გაოცებულები ვართ საქართველოს ნაკრების სიძლიერით. ჩვენ ვაპირებთ მალე ჩავიდეთ საქართველოში და მოვიწვიოთ ქვეყნის დამწყები მოთამაშეები ჯორჯიის შტატში კოლეჯის გუნდებთან სათამაშოდ.“, – განაცხადა პიტ რედმონდმა.
რაგბის გუნდის პრეზიდენტი სტივ მეისი ფესტივალზე საქართველოსთვის პატივის მისაგებად მივიდა.
მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, როდესაც ღონისძიების ორგანიზატორს, ნინა კიკნაძეს და ქალაქ შუგარ ჰილის მერს, ბრენდონ ჰემბის ჯორჯიის შტატის ბრწყინვალების მედალი გადაეცათ. ჯილდო მათ თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტმა, გენერალ-მაიორმა თომას კარდენმა გადასცა და აღნიშნა, რომ ეს მედალი არის მისგან და 50 000 ამერიკელი ჯარისკაცისგან.
საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები ნინი წიკლაური, ირაკლი რუსია, ბექა გოგინაშვილი, ლელა ნინუა, ანსამბლი „ფესვები“ და მისი ხელმძღვანელები მთავარი ქორეოგრაფები შორენა, ვანო და გიორგი გოდერძიშვილები. მათ გამოსვლას მაყურებელი ოვაციით შეხვდა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ქართველი მხატვრები, ქართული ღვინისა და ქართული კერძების ადგილობრივი მწარმოებლები.
უკრაინის ფედერაციის წარმომადგენელმა სვეტლანა მაკნატმა, UCCA-ის სახელით მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს უკრაინელი ერის დასახმარებლად გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისთვის.