400 წლის წინ ირანში იძულებით გადასახლებული ქართველების სამი შთამომავალი – შაჰრამ ონიკაძე, ომიდ (ამირან) გოგონანი, ისმაილ რაჰიმი საქართველოში არიან. მათ უკვე გადმოკვეთეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“. 31 დღე ფერეიდანიდან თბილისამდე 1400 კმ ფეხით გამოიარეს.
აქცია, რომელიც ფერეიდანელმა ქართველებმა დიდგორობას მიუძღვნეს, 11 აგვისტოს დაიწყო.
ომიდ გოგონანი (ამირან გუგუნაშვილი): „გეფიცებით, საქართველოს სუნი მოდის ექა, ვსუნთქავ საქართველოს სუნსა და მევსების გული“.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე უკვე გაიმართა შეხვედრა. დღესვე, 18:00 საათზე, მათ რუსთავი უმასპინძლებს. მის: რუსთაველის 30 – „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ (ქიმიკოსთა კულტურის სახლი);
თელავი – 14 სექტემბერს, მცხეთა – 16 სექტემბერს.
16 სექტემბერს, 12 საათზე, ფერეიდანელებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი უმასპინძლებს (ჭავჭავაძის 53 ა).
ფერეიდანელ ქართველებთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც იგეგმება.
შეხვედრა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან; შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში; შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; გასვლა დიდგორში (რადგანაც ეს აქცია მიეძღვნა დიდგორობას) და სხვ.
„ჩვენ დღეს ძალიან გვჭირდება ფუძეზე დაბრუნება და ეროვნული ერთიანობა“, – აღნიშნავს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც არის ამ შეხვედრების ორგანიზატორი.
თამარ შაიშმელაშვილი