ჰააგაში საელჩოების ფესტივალი ქართული პოლიფონიური ჰანგებით გაიხსნა
ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2022 წლის 3 სექტემბერს, ჰააგის ცენტრალურ სივრცეში (Lange Voorhout) ყოველწლიური საელჩოების ფესტივალი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებმა. ფესტივალი შედგებოდა საერთაშორისო ბაზრობისა და მუსიკალური სექციისგან.
ფესტივალის სასცენო ნაწილი გახსნა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მეგობრები“, რომელმაც მსმენელის წინაშე ქართული პოლიფონიური ჰანგები შეასრულა.
ფესტივალის საერთაშორისო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება – მათ შორის სხვადასხვა დასახელების ღვინოები, ტრადიციული კერძები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, მიეღო ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ფესტივალს ფართო აუდიენცია დაესწრო, რომელთა შორისაც იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, ტურისტები, ნიდერლანდებში მცხოვრები ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები და ქართველი დიპლომატები.