“დღეს შაბათია, წინადღე აღდგომისა, ბუნებაც მომზადებულა აღდგომის მისაგებებლად”
ნაწყვეტი ვაჟა – ფშაველას მოთხრობიდან “სააღდგომოდ”
“დღეს შაბათია, წინადღე აღდგომისა. ბუნებაც მომზადებულა აღდგომის მისაგებებლად. ავსილა მისი გულ-მკერდი ყვავილებით. თავზედ ადგა გვირგვინი გამარჯვებისა და ეს დედა, დედამიწა, სულგრძელი, უსაზღვრო სიყვარულით ავსილის გულით, აწვდის ყველას და ყველაფერს ხელს და, როგორც დედა შვილებს, პირჯვარსა სწერს, სიცოცხლეს დიდის ხნისას, სიყვარულისას სთხოვს მათთვის ზეცას.
ყველგან სიხარულია, ყველას გულში სიამოვნებაა დღესასწაულის გამო. ერთი მხოლოდ ბობოლა სტირის და სტირის იმიტომ, რომ შვიდის ფრთისა ერთიღა შერჩა და ისიც, როგორც თითონ, შემჭვარტლული; იგი, თავპირჩამომტირალი, ბუხრის თავზე ჰკიდია მოსაწყლებული, გაბეჩავებული, სასოებამიხდილი. საბრალო! ხვალ იმ ერთადერთს ფრთასაც დაჰკარგავს და თითონაც თან გაჰყვება. მოეღება ბოლო მის ფარფაშს, მის საზარელს მაღლიდამ გადმოცქერას, დიდისა და პატარის დამაწიოკებელს. გაითრევენ, გასწეწენ ბალღები და გადაუძახებენ სადმე ხევში ან კლდეზედ, ქარსა და წყალს მისცემენ. რამდენი ცრემლი ჩამოაგდებინა ამ შეჩვენებულმა ბობოლამ ბალღებს, მაგრამ ხვალ კი ჯავრს ამოიყრიან; როგორც შეეფერება, სწორედ ისე მოექცევიან, ამოაშხამებენ სასტიკობა-მტარვალობას. ჯერ გუშინწინვე გაიგონებდით ბალღების სიმხიარულეს ბობოლას ჩამობრძანებაზე და ყელის ჩაპოხაზე.
„დღეს წითელი პარასკევი, ხვალ შაბათი შავდებაო; ხვალზევით რომ კვირა მოვა, ყელი ჩაიპოხებაო“
ყველგან მოძრაობა და დიდი მოლოდინია ქრისტეს აღდგომისა. სად ქათამი ჩამოსვეს ქანდარიდამ და მოაგდებინეს კისერი, სად ნასუქს ინდაურს მოაშორეს სწორედ ინდაურული, გამოჩერჩეტებული გოგრა, სად ნასუქის ქოსმანის ჭყივილი ისმის, ჭყივილი ვაისა და ვაგლახისა. ამოაშხამეს იმასაც იმდენის სანოვაგის შეყლაპვა და გაოხრება. დიასახლისებს ჯერაც არ გადასვლიათ ხელებიდან კვერცხების ღებით ახალი ფერი. მოისვენებს ამას იქით ლობიოს სადუღარიც. პატარძლებმა და გასათხოვარმა ქალებმა სწორედ ათჯერ დაიბანეს პირი და, ვისაც კი რამ ზიზილ-პიპილა მოეპოვებოდა, ტანზე მიიკოსეს, „ბუზიკები“ და „პოლსაპოჩკები“ გაიწმინდეს. მხოლოდ მოხუცებულნი არა ზრუნავენ ტანის აჭრელებაზე, მისხდომიან ცეცხლს კერის პირას, სანთელს ადნობენ და აკეთებენ. მღვდელი და დიაკვანიც, უნდა მოგახსენოთ, დიდს ფაცა-ფუცში არიან. ხურჯინები დააკერეს, ტიჭკორები დარეცხეს და, სადაც დაზიანებული იყო, პოლორჭიკი მიაკერეს. მარილი და შაბიც მოამზადეს ბატკნის ტყავების დასამარილებლად. მომზადდა ძღვენიც ნათლიისათვის, მის განუშორებელის მეგობრითურთ – ინდაურით, ამასთან, ნამცხვარ-ნაზუქით და საქმის დამაგვირგვინებელ ყელმოღერებულ გოზაურით”