დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების  ოფიციალური ცერემონია.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის  მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ. ჯილდო ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის  გადაეცათ  ამერიკაში მოღვაწე მსახიობს და რეჟისორს ირაკლი კავსაძეს, პიანისტ ლექსო თორაძეს და თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელს ომარ ფარუქ დემირთაშს. მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ საფრანგეთში მოღვაწე მეცნიერი და მთარგმნელი გასტონ ბუაჩიძე და ოქსფორდში ქართული ენის კურსების ხელმძღვანელი ლია ჩოკოშვილი.

სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა წარმატებულ ქართველ კიკბოქსიორს გიგა ჭიკაძეს, ხოლო სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდოები გადასცეს ამერიკაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს მამუკა წერეთელს და  სლოვაკეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს და მეცენატს ნოდარ გიორგაძეს.

საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს მფლობელები გახდნენ ხატია ხაბულიანი, რომელიც ეხმარება რუსთავის ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფარს და ნიდერლანდებში ჩაატარა არაერთი საქველმოქმედო კონცერტი და ვიქტორ სირელსონი, რომელიც 1996 წლიდან მხარს უჭერს ამერიკაში წასულ ქართველ ხელოვანებს და დაარსა  ქართული ცეკვისა და სიმღერის არაერთი ჯგუფი. ხოლო ნომინაციაში საქართველოს უცხოელი მეგობარი ჯილდოები გადაეცათ ენდერს ვინბუშს, რომელიც 90-იანი წლებიდან არის საქართველოს ლობისტი ამერიკაში და ლასლო ბორჰის, რომელმაც ბუდაპეშტის უნივერსიტეტში დაარსა ქართველოლოგიის კათედრა.

“აღნიშნული ღონისძიება გაიმართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით.

აღსანიშნავია რომ ICMPD-ის ძალისხმევით, დაჯილდოების ცერემონიაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ესპანეთიდან და სლოვენიიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა. ორივე ანსამბლი ქართულ კლასიკურ და ხალხურ მუსიკას ასრულებს და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ესპანელი და სლოვენიელი მომღერლებისგან. ესპანეთში მოღვაწე ანსამბლი Vocal Vircan, შედგება კატალონიელი და ქართველი მომღერლებისგან და დაფუძნდა 2019 წელს. ხოლო ანსამბლი “კვალი”, Kvali (K’vali), 2008 წელს ჩამოყალიბდა და მას ქართველი დიასპორელი ხელმძღვანელობს, რომელმაც ანსამბლის განვითარებისთვის და ქართული მუსიკის შემდგომი პოპულარიზაციისთვის საგრეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების  საგრანტო პროექტის გამარჯვებულია“ – ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები