თსუ-ში პოლონელი მეცნიერების ვორკშოპი გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის წამყვანი მეცნიერები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მეცნიერებმა ერთობლივი ვორკშოპი გამართეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, პოლონელმა და ქართველმა მეცნიერებმა ის სამეცნიერო პროგრამები განიხილეს, რომლებიც მომავალში საერთო კვლევებისა და ევროპული საგრანტო პროექტების საფუძველი გახდება.
პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის კრიშტოფ კურეკის თქმით, ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებთან და მოხარულები არიან, რომ უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განახორციელებენ ახალ პროექტებს: „პირველად ვარ საქართველოში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს კარგი შესაძლებლობაა ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ უკვე ვიწყებთ თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვაქვს ბევრი საერთო ინტერესი, სფერო, სადაც შევძლებთ ერთობლივი კვლევების განხორციელებას.“
როგორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი ვორკშოპზე ბირთვული ფიზიკის სფეროში მომუშავე ქართველი მეცნიერებიც წარდგნენ. პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრი ბევრ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტშია ჩართული. მათ შორის KM3NeT და NICA/MPD პროექტებში, რომლებშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს.