Ajyal Film Festival – ზე ქართველი სტუდენტები ჟიურის წევრები იქნებიან
7-13 ნოემბერს, დოჰას კინოს ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი – Ajyal Film Festival, სადაც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჟიურის წევრების რანგში მიიღებენ მონაწილეობას.კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ინიცირებითა და დოჰას კინოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ქართველი სტუდენტები ჟიურის წევრების რანგში უკვე მეორე წელია ფესტივალში მონაწილეობენ.
ფესტივალი კინოინდუსტრიის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ახალგაზრდული ღონისძიებაა, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება და უმასპინძლებს კინოს სფეროს ექსპერტებსა და ახალგაზრდა მონაწილეებს მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან.
ფესტივალის ფარგლებში, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის სტუდენტებს ჟიურის წევრების რანგში შესაძლებლობა ექნებათ: უყურონ მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს;ხმა მისცენ თავიანთ რჩეულ ფილმებს და მონაწილეობა მიიღონ ფესტივალის კონკურსის გამარჯვებულების შერჩევაში;ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეხვდნენ კინორეჟისორებსა და მსახიობებს;მონაწილეობა მიიღონ ონლაინ სემინარებში ფილმების გადაღების ტექნიკისა და კინოხელოვნების შესახებ.
ფესტივალის დასრულებისთანავე სტუდენტებს გადაეცემათ დოჰას კინოს ინსტიტუტის სერტიფიკატები Ajyal Film Festival-ის ჟიურის პროგრამაში მონაწილეობისთვის.