ლიეტუვის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა
14 ოქტომბერს ლიეტუვის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. ეს დღე ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ლიეტუვის წარმომადგენლებს შორის ხანგრძლივი მუშაობის შედეგია.
„ყველაფერი დაიწყო იანვარში, ერთი პატარა იდეით. ქართული წიგნები ლიეტუვაში გვჭირდება, თან ძალიან! მსურველების წრე დიდია: ქართული დიასპორა, ოჯახები პატარა ბავშვებით, სტუდენტები, ლიეტუვაში მომუშავე სამშობლოს მონატრებული ემიგრანტები, ლიეტუველები, რომლებიც სწავლობენ ქართულ ენას, ასევე ისინი, ვინც ენა არ იცის, მაგრამ ეძებს ქართულ ლიტერატურას ლიეტუვურად ან სხვა უცხო ენებზე.
ამის შემდეგე დაიწყო ხანგრძლივი პროცესი: პროექტის წერა, ჟანრები, ავტორები, პარტნიორები, მეგობრები, ოჯახის წევრები, სიები, წიგნები, თბილისი – ეკვილიბრიუმი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ლიეტუვაში ქართული წიგნის კუთხე უკვე გახსნილია. ადგილი უნიკალური გვაქვს, ყველას მიუწვდება ხელი – ლიეტუვის ნაციონალური ბიბლიოთეკა. პირველი ეტაპი – 100 წიგნი და თანამშრომლობის ხელშეკრულება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. ეს ამ დიდი ამბის უმოკლესი ვერსიაა. უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა და დაგვეხმარა“, – ამბობს ლიეტუველებისა და ქართველების მეგობრობის საელჩოს პროექტების მენეჯერი ნინო ინასარიძე.