გოეთეს ინსტიტუტში ფოტოგამოფენა „სახურავი ტყითაა დაფარული“ გაიხსნა
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში თაკო რობაქიძის ფოტოგამოფენა „სახურავი ტყითაა დაფარული“ გაიხსნა, რომელზეც მან გერმანელ ავტორთან და ჟურნალისტთან – ანინა ლემანთან ერთად იმუშავა.
გამოფენის შესახებ: „შუადღის ხვატში თბილისის ზღვის თავზე სიჩუმეა. ხეების ჩრდილქვეშ ბეტონის ციცაბო კიბე ყოფილი გულის კლინიკის შენობისკენ ადის, რომელიც უკვე ათეულობით წელია, აფხაზეთიდან დევნილთა თავშესაფრადაა ქცეული. ღია სადარბაზოში გაჭიმულ თოკებზე სარეცხია გაფენილი. ნიავი სარეცხს არხევს. ზემოდან ფრთების ფრთხიალის ხმა ისმის. ჭერქვეშ, ბეტონის პატარა ხვრელში მერცხალი გაბმულა. მისი სხეული უსიცოცხლოდ კიდია, თავი ხვრელში აქვს გაჭედილი. დროდადრო ფრთების პანიკური ფრთხიალით ცდილობს გათავისუფლებას, მერე ღონემიხდილი წყვეტს ბრძოლას. ქარი მის სხეულს არხევს. რამდენიმე მოსახლე გამოივლის და ქვემოდან შესცქერის – დაღლილი დედები შვილებით და მოხუცი კაცი. დანახული თითქოს არ აოცებთ, მხრებს იჩეჩავენ. ჭერი მეტისმეტად მაღლაა. მერცხალი თითქმის აღარ მოძრაობს. მერე ისევ გამეტებით იწყებს ფრთების ცემას.”
ფოტოგამოფენა გოეთეს ინსტიტუტში 5 ნოემბრამდე გასტანს.