მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოსლოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს სამი მედალი მოიპოვა, აქედან ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოსია. „ბერძენ-რომაელებმა“ მსოფლიო ჩემპიონატი ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძეს. მომავალი ფინალისტი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო. 5:4 დაამარცხა ყაზახი სულთან ასეტული, მეოთხედფინალში ასეთივე ანგარიშით მოუგო იაპონელ კენსუკე შიმიზუს, ნახევარფინალში კი 7:1 დაამარცხა უნგრელი ერიკ ტორბა. ქართველ ფალავანს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწია გადამწყვეტ შეხვედრაში, სადაც ირანელ მეისამ კარამალი დალხანისთან, ფაქტობრივად, თანაბარ შეხვედრაში დამარცხდა – 4:5.
ოსლოს ხალიჩა წარმატებული გამოდგა 67კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძისთვის, რომელიც შეჯიბრებას მერვედფინალიდან შეუდგა. ქართველ ფალავანს პირველ მეტოქედ იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოევი ჰყავდა, რომელსაც იოლად – 11:2 მოუგო. მეოთხედფინალში ასევე იოლად გაუმკლავდა სერბ სებასტიან ნადს – 8:1, მაგრამ დასანანი მარცხი იგემა ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, ირანელ მოჰამადრეზა აბდოლჰამიდ გერაეისთან – 6:7. ზოიძეს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიეცა, რაც წარმატებით გამოიყენა კიდეც – ბრინჯაოს ფინალში აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს აშკარა უპირატესობით – 8:0 მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზეც ავიდა.
ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ლაშა გობაძემ (87 კგ). მომავალი პრიზიორი შეჯიბრებას მერვედფინალიდან შეუდგა. ქართველმა ფალავანმა პირველი შეხვედრა წმინდად – 11:0 მოუგო აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვს, მაგრამ მეოთხედფინალში ერთი ქულის სხვაობით – 1:2 დამარცხდა სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილთან. მომავალ ფინალისტთან წაგებით, ლაშას რეპეშაჟში ჩართვის საშუალება მიეცა – ჯერ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელს, მილად ალირზაევს აჯობა – 5:3, მერე კი, ბრინჯაოს ფინალში გასულმა, დამაჯერებლად მოუგო დანიის წარმომადგენელს, ტურპან ალი ბისულტანოვს – 5:2 და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. ამ წონაში ოქროს მედალს ზურაბ დათუნაშვილი დაეუფლა.
შეგახსენებთ რომ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ასევე ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (113 კგ).