ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის დარგში ახალი პროგრამა დაინერგა
“ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართველოლოგიის დარგში ახალი პროგრამა დაინერგა, რომელიც ერთადერთი პროგრამაა ამ მიმართულებით აშშ-ში”, – ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა, მარკ ელიოტმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
მარკ ელიოტმა აღნიშნა, რომ ქართული ცივილიზაცია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და ამერიკელი მკვლევრებისთვის ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა პრივილეგიაა. „როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა ბრძანა, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროგრამა დაინერგა ქართველოლოგიის დარგში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ერთადერთი პროგრამაა ამ მიმართულებით. ჰარვარდი ამაყობს და სიხარულით უღებს კარს ამ მნიშვნელოვან პროგრამას.
ქართული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ის გონებათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იმყოფება. ჩვენთვის პრივილეგიაა ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა, რაც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩამოსვლის შესაძლებლობას მისცემს.
თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ჰარვარდის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებსაც შეეძლებათ საქართველოს შესახებ ინფორმაციას გაეცნონ, იმოგზაურონ და საკუთარი თვალით ნახონ ეს ქვეყანა. მე პირადად მოუთმენლად ველი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას. საქართველოდან სტუდენტები მყოლია, მაგრამ აქამდე არ გამმართლებია და თქვენს ქვეყანაში დღემდე არ ვყოფილვარ. ეს ისტორიული დღეა.
თავად ჰარვარდისთვის არის დიდი დღე და მიხარია, რომ ჰარვარდი ერთვება ამ შესანიშნავ საქმეში”, – განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა, მარკ ელიოტმა.
წყარო: კვირა