საქართველო ალტერნატიული ცხრილით ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მედლების ჩათვლაში მერვე ადგილზეა

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიოს თამაშები 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და მედლების ჩათვლაში 206 ქვეყანას შორის 33-ე საფეხურზე აღმოჩნდა. მაგრამ, არსებობს მედლების დათვლის ალტერნატიული სისტემაც, რომლის მიხედვითაც საქართველო მე-8 ადგილზეა, ძირითად ცხრილში პირველ-მეორე საფეხურზე გასული აშშ-ის და ჩინეთის გუნდები კი ათეულს მიღმა დარჩნენ.

„აშშ-ის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ სარბიელზე 113 მედალი მოიპოვა (39 ოქრო, 41 ვერცხლი და 33 ბრინჯაო) და მედლების ჩათვლაში პირველ საფეხურზე გავიდა, მაგრამ თუ მოპოვებულ მედლებს ქვეყნის მოსახლეობის შესაბამისად დავითვლით, სურათი რადიკალურად შეიცვლება.

მედლების ჩათვლაში ალტერნატიული ცხრილის შედგენისას, ადგილები მილიონ მოსახლეზე მოპოვებული ჯილდოების მიხედვით გადანაწილდა. შესაბამისი დათვლებით, ევროპის ჯუჯა სახელმწიფო სან მარინო, რომლის მოსახლეობაც 33,5 ათასია, ტოკიოში მოპოვებული სამი მედლით პირველ ადგილს იკავებს. ამავე პრინციპით, 3,7-მილიონიანი საქართველო ტოკიოში მოპოვებული 8 მედლით მე-8 ადგილზეა.” – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები