თბილისის დიდი სინაგოგა და მისი ისტორია
ძველი ქართული საისტორიო წყაროების თანახმად, მაშინ, როცა ბაბილონის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა (ნაბუქო) იერუსალიმი აიღო და პირველი ტაძარი დაანგრია (ძვ. წ. 586 წ), იეჰუდას სახელმწიფოდან ებრაელების ერთი ნაწილი აყრილა და საქართველომდე მოუღწევიათ. ებრაელთა მეორე ნაკადი საქართველოში ახ. წ. 1 საუკუნეში (ახ. წ. 70 წ.) გამოჩდნენ. ებრაელები საქართველოში მე-5 და მე-10 საუკუნეშიც გადმოსახლდნენ.
XIX საუკუნის დამდეგს თურქეთიდან არამეელი ებრაელები (ლახლუხები) შემოსულან. ამავე პერიოდში შემოვიდნენ ებრაელები ერაყიდან და ირანიდან. როგორც წესი, ებრაელები ცდილობდნენ იქ, სადაც დაფუძნდებოდნენ, სინაგოგა აეშენებინათ და ებრაული დასახლებები შეექმნათ. ასე იყო თბილისის შემთხვევაშიც. თბილისში ებრაელები ქალაქის დაარსების პერიოდიდან დასახლდნენ. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, მათ სამოსახლო არეალს ძირითადად ქვემო კალა წარმოადგენდა. ამავე პერიოდში ებრაელებს კლდისუბანში სინაგოგაც ჰქონიათ, თუმცა მას ჩვენამდე არ მოუღწევია.
დღეს თბილისში ორი მოქმედი სინაგოგაა. ე.წ. დიდი ან ძველი (სეფარდების) სინაგოგა კოტე აფხაზის ქუჩაზე, რომელიც 1904 წ ახალციხელი ებრაელების შემოწირულობებით აშენდა. ასევე, ე.წ. ახალ ან რუსული სინაგოგა, კოტე აფხაზის ქუჩის დასაწყისში, რომელიც XIX საუკუნეში საქართველოში რუსეთიდან გადმოსახლებულმა აშკენაზი ებრაელებმა ააშენეს. თუმცა, არსებობს ვერსია, რომ დღევანდელი აშკენაზების სინაგოგა თავდაპირველად ირანიდან და ქურთისტანიდან შემოსული ებრაელებისათვის აშენდა 1910 წელს. საბჭოთა პერიოდში ამ ებრაელების დიდი ნაწილის ისრაელში გადასახლების შემდეგ ეს სინაგოგა აშკენაზ ებრაელების ხელში გადავიდა.
თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, მესამე სინაგოგაცაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აიგო. მასში 1932 წლიდან მოყოლებული საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული.
ქართველი ებრაელები სინაგოგის შენობას “ლოცვას“ უწოდებენ. ფუნქციონალურად შენობა შემდეგ ნაწილებადაა დაყოფილი : “დიდი ლოცვა“ (მთავარი შენობა), „პატარა ლოცვა“, მაცის საცხობი, ფრინველისა და პირუტყვის საკლავი, დაკლული ფრინველის საპუტი, რიტუალური განბანვის ოთახი და სამეურნეო სათავსები (ქაშერი ღვინის დასამზადებლად და სხვადასხვა დანიშნულებისთვის). სინაგოგაში ქალები კაცებისაგან განცალკევებით ლოცულობენ. სინაგოგის იმ ნაწილს, სადაც ქალები ლოცულობენ, „ქალთა გალერეა“, ანუ აზარა ეწოდება და მას დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს გარედან.
დღეს თბილისის დიდი სინაგოგა ტურისტული თვალსაზრისითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია ქალაქში. როგორც ირკვევა, სინაგოგას ყოველდღიურად, დაახლოებით, 500-ზე მეტი მნახველი ჰყავს. განსაკუთრებით საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები აქტიურობენ.
წყარო: kvira.ge