ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის I ფაზა დასრულდა
2021 წლის 28 მაისს გამართულ დიასპორის ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ლევილის მამულზე, და ლევილის ქართულ-ფრანგულ კულტურულ ცენტრში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, გეგმით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდა ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პირველი ფაზა – მცირე, ე.წ. „ორანჟერიის პროექტი“. ამჟამად, მიმდინარეობს მეორე – „გენერალური (ძირითად) პროექტის“ მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის დასრულება დაგეგმილია 2024 წლისთვის, თავდაპირველად გათვალისწინებულ ვადაზე ორი წლით ადრე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მეორე ფაზა ითვალისწინებს ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-მოწყობას, ასევე, მამულში გეგმით გათვალისწინებული ნაგებობების მშენებლობას. მამულის ბაზაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, ქართული კუთხე და შესაბამისად, საქართველო ევროპაში შეიძენს მნიშვნელოვან ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას.