ქართულ-ავსტრიული კულტურის ორგანიზაცია და მედიაპორტალი ,,ქართული კვირა“ თანამშრომლობას იწყებენ
,,საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობის ორგანიზაციას” და მედიაპორტალ ,,ქართულ კვირას“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს მედიაჰოლდინგ ,,კვირას” კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა და ქართულ-ავსტრიული კულტურის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ია ღვინიაშვილმა. თანამშრომლობის ფარგლებში, მოხდება ინფორმაციების გაცვლა, ორგანიზაციის საქმიანობის ფართოდ გაშუქება და ასევე დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები.
საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურული ურთიერთობის ხელშეწყობის ორგანიზაციის მიზანია, საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარება და ხელშეწყობა. ორგანიზაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოსა და ავსტრიის საგარეო და კულტურის სამინისტროებთან, საელჩოებთან, მედიასთან, არასამთავრობო, საქველმოქმედო და ავსტრიაში არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებთან. აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება, საერთაშორისო კონფერენციების, გამოფენების, პრეზენტაციების, საქველმოქმედო საღამოებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება.
,,ქართულ-ავსტრიული კულტურის ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი, არაპარტიული, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიისწრაფვის ამ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერებისაკენ. ჩვენს გუნდს მიაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია ამ ორი ქვეყნის მეცნიერების, კულტურისა და განათლების სფეროების დაკავშირება ერთმანეთთან“ – ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ საუბარში ია ღვინიაშვილი.