წიგნის ჩუქების თვე დიცში ბიბლიოთეკის მოწყობით დაიწყო
4 აპრილს, წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ანაგრამასა და ბიბლუსის წარმომადგენლებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში ელენე ბოლათაევა-მინდიაშვილსა და პატარა ელენე მინდიაშვილს ესტუმრა და ბიბლიოთეკა მოუწყო.
„სოფელ დიცში ჩავედით – ოკუპაციის გამყოფ ხაზთან. იქ ორი ელენე გველოდა – ბებია და შვილიშვილი – ელენე ბოლათაევა-მინდიაშვილი და პატარა ელენე მინდიაშვილი. ორივეს ძალიან უყვარს წიგნები და წიგნის ჩუქების დღის აღნიშვნა, რომელიც წელს წიგნის ჩუქების თვედ გვინდა ვაქციოთ, ბიბლუსთან და ანაგრამასთან, სწორედ ამ ოჯახიდან დავიწყეთ და ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ” , – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
„ანაგრამა ეროვნული ბიბლიოთეკისა და ბიბლუსის ამ ინიციატივის მხარდამჭერია, რადგან ვთვლით, რომ განათლების ამაღლების საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია და გვინდა, ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ამ საქმეში“,- აცხადებს ანაგრამას დამფუძნებელი თაკო როდონაია.
„ვუერთდებით გიორგი კეკელიძის ამ ინიციატივას და მთელი თვის განმავლობაში ვიქნებით წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებული აქციების მხარდამჭერები. 23 აპრილს კი იქნება კულმინაცია და თუ შეზღუდვებმა ხელი არ შეგვიშალა, მკითხველებსა და წიგნის მოყვარულებს განსაკუთრებულ დღეს ვპირდებით“, – განაცხადა ბიბლუსის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა თამუნა როსტიაშვილმა.
გიორგი კეკელიძის ინიციატივით, წიგნის ჩუქების დღის წიგნის ჩუქების თვედ გადაქცევა იგეგმება. ანაგრამა და ბიბლუსი ამ იდეისა და მასთან დაკავშირებული აქციების აქტიური მხარდამჭერები არიან.