პოეტი ლელა ლაჩაშვილის ავტოპორტრეტი – ტკივილი რომელიც გულის კუნჭულში ჩავმალე, არასოდეს გამინელდება
ალბათ ბევრი თქვენთაგანი პირადად ან შორიდან მაინც იცნობთ ამჟამად იტალიაში მცხოვრებ ქალბატონ ლელა ლაჩაშვილს. მისი ლექსები ბევრს გვიამბობს, მაგრამ სინამდვილეში ცოტამ თუ იცის, რომ ისიც სიკვდილის წინაშე უსუსურ და გამწარებულ დედის გულს ატარებს. დღეს მინდა ამ კუთხით წარმოგიდგინოთ მისი პიროვნება და ესკლუზიურად გიამბოთ მისი ცხოვრების შესახებ. მართალია უჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როგორღაც მაინც შევძელი და დავითანხმე ორიოდე სიტყვით მოეთხრო თავისი ცხოვრების შესახებ.
– როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი გზა, ვიცით რომ ჯერ კიდევ საქართველოში არანაკლებ აქტიურად იყავით ჩართული ლიტერატურულ წრეში?
– ბავშვობიდან ვწერ ლექსებს, ანუ რაც თავი მახსოვს იმ ასაკიდან. ჩემი ემოცია ლექსად გადამაქვს ფურცელზე. ჩემი ლექსები იბეჭდებოდა მაშინდელ ჟურნალ გაზეთებში: “დილა” “აისი” “პიონერი” “ნორჩი ლენინელი”. რათქმაუნდა გათხოვების შემდეგაც არ დამინებებია თავი. როცა გეწერება არა აქვს მნიშვნელობა რამდენი შვილი გყავს და რა ოჯახური მოვალეობები გაკისრია, წერ და მორჩა!
– ვიცი, რომ ცხოვრებისეული ტრაგედია თქვენ ოჯახსაც შეეხო. ბევრმა არ იცის, რომ ძლიერი ქალის უკან, გულმკვდარი დედა იმალება, თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამის შესახებ?
-სიმართლე გითხრათ ამ თემაზე პირველად ვსაუბრობ საჯაროდ. არასდროს ჩემ ტკივილზე არ მქონია სურვილი რომ მომეყოლა. მაგრამ ალბათ უკვე დროა თავს მოვერიო. მივხვდი რომ მარტო მე არ ვარ ამ ქვეყანაზე, ასეთ დარდს რომ გულით ატარებს. ადრე გავთხოვდი, ჩვიდმეტი წლისა და პირველი შვილიც მალევე მეყოლა. ეს ის დიდი სიხარული იყო, რომელიც მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მიუხედავად გამოუცდელობისა, ყველაფერს გავიწყებს და ბედნიერებით გავსებს, მაგრამ თერთმეტი წლის ასაკში ჩემი გოგონა დაავადდა. მას თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. 1993 წელი იყო, აფხაზეთში ომი მძვინვარებდა. ლტოლვილები რიკოთზე ფეხით გადმოდიონენ. გაყინულ უშუქო ოთახში კი ჩემი გოგონა სულს ებრძოდა. მე უსუსური ვიყავი და ამის გამო მძულდა საკუთარი თავიც და მთელი სამყაროც. მერე ის წავიდა და მე შევრჩი ერთიანად განადგურებული, მისით დაცარიელებულ სივრცეს.
-როგორც ვიცი, მაგ დროს თქვენ უკვე მეორე შვილსაც ელოდებოდით, წარმომიდგენია რისი გადატანა მოგიხდათ ფეხმძიმე ქალს.
– დიახ! შორენას გარდაცვალების მერე 5 თვეში მეყოლა ბიჭი და თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ არ გავგიჟდი და შემრჩა ცხოვრების რესურსი, ნიკას დამსახურებაა. ახლა ორი ბიჭი მყავს. უფროსი დავითი დაოჯახებულია, ნიკაც მალე მოიყვანს ცოლს.
– მეუღლე?
– მეუღლესთან შვილის გარდაცვალების მერე ვერ აეწყო ურთიერთობა და მიუხედავად ერთად გატარებული კიდევ რამდენიმე წლისა, საბოლოოდ მაინც დავცილდით (ასეც ხდება).
– ხშირად ხდება, რომ წყვილს საერთო ტკივილი უფრო აკავშირებს, ვიდრე აშორებს. თქვენ შემთხვევაში საპირისპირო მოხდა. რა ახსნას მისცემდით თქვენ შემთხვევას?
-ჩემს ყოფილ მეუღლესთან მანამდე მეგობრული ურთიერთობა მქონდა, რაც შესაძლებელია სიყვარულშიც გადაზრდილიყო, რომ არა მაშინდელი საშინელი მოდა- ქალის მოტაცების. ეს პირველყოფილი სიველურე მაშინ ძალიან მოდაში გახლდათ. მე კი ბუნებით თავისუფლების მოყვარე ადამიანი ვარ, მან კი ამით არჩევანის უფლება შემიზღუდა. მიუხედავად შემდომი თანაცხოვრებისა, წლები გავიდა და შინაგანად ვერ ვაპატიე ასეთი საქციელი. ჩვენი ურთიერთობა შემდეგ მხოლოდ მოვალეობა იყო და შორენას გარდაცვალების მერე ჩემი ქვეცნობიერი მას ამ უბედურებაშიც ადანაშაულებდა. რათქმაუნდა სისულელე იყო, მაგრამ ის ძაფიც გაწყდა, რაც გვაკავშირებდა.
-მიუხედავად უამრავი სირთულეებისა, როგორც ვიცი საკმაოდ აქტიური იყავით შემოქმედებით კუთხით.
– დიახ! გარკვეულ წილად ტრაგედიას ერთი პლიუსი მაინც აქვს, რაც იმაში გამოიხატება რომ სულის ტკივილს, ფურცელზე გადმოსვლის უფრო მეტ საშუალებას აძლევ და ასე იქმნება ფრაზები, სტრიქონები და სტროფები. მერე დაიწყო ახალი ფაზა- ინტერნეტ ლიტერატურულმა საიტებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ვაქვეყნებდი ჩემს ლექსებს და ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა. ამ საიტებმა ბევრი კარგი პოეტი გამაცნო. იმართებოდა პოეზიის საღამოები ვისმენდით კრიტიკოსების აზრს. ფაქტიურად დადგა ის დრო , როცა იმ წრეში ვტრიალებდი და იმას ვაკეთებდი რაც მომწონდა. გამოვიდა ჩემი პირველი ლექსების კრებული და მწერალთა სახლში მქონდა პრეზენტაცია. ჩავატარე რამოდენიმე საღამო ცალკეც და სხვა პოეტებთან ერთად.
– და ახლა ემიგრანტი ხართ.
– სამწუხაროდ ასე მოხდა. მეც მრავალი სხვა ჩვენი თანამემამულესავით მომიწია სამშობლოს დატოვება. ეკონომიურმა პრობლემებმა დამაყენა ემიგრანტის რთულ გზაზე. ნიკა სწავლობდა და მისი სწავლის ფული უნდა გადამეხადა. დავითს ახალი შექმნილი ოჯახი ჰქონდა, მართალია მეხმარებოდა, მაგრამ დედა ვარ და ვწუხდი მის ბიუჯეტზეც. ვიფიქრე ვიდრე ნიკა სწავლას დაამთავრებს (თეატრალური უნივერსიტეტი) ვიმუშავებ და მალე დავბრუნდებითქო. სამწუხაროდ მაშინ არ ვიცოდი რომ ემიგრანტისთვის დრო არ არსებობს.
– როგორი იყო პირველი ნაბიჯები ემიგრაციის რთულ გზაზე?
-გადაწყვეტილებიდან თითქმის ერთ კვირაში ავიღე ბილეთი ტურისტული კომპანიის დახმარებით და ვიდრე გონს მოვიდოდი, ჩემი თვითმფრინავი თბილისი-ათენის მიმართულებით მიფრინავდა. ათენის აეროპორტში მივხვდი რომ ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი და თანაც რთული პერიოდი იწყებოდა, რასაც ენის ბარიერი კიდევ უფრო გაართულებდა. საღამოს უკვე რომში ვიყავი, ინტერნეტით გაცნობილი მეგობარი მელოდა -ქეთი ბურნაძე, ის ჩემი მკითხველიც გახლდათ და ეს სულიერი კავშირი ისეთ შეგრძნებას მიტოვებდა, თითქოს ახლოს და დიდიხანია ვიცნობდით ერთმანეთს. ქეთი ძალიან მადლიანი გოგოა. მას უამრავი ქართველი ქალბატონი ჰყავს დასაქმებული უანგაროდ და ასე უანგაროდ დამეხმარა მეც სამსახურის შოვნაში. ჩავედით ბართან მდებარე პატარა ქალაქ ადელფიაში და დავბინავდი იქ. და იმ დღისით როცა დაღლილი და დაბნეული მოვათრევდი ჩემ ბორბლებიან ჩემოდანს, მეგონა ქვეყანას ვაფხიზლებდი ჩემი მარტოობით.
– და ალბათ იყო შიშიც?
– რათქმაუნდა, იყო შიშიც და უსუსურობის შეგრძნებაც, ჩემი თანამემამულენიც სხვანაირი გულცივები ჩანდნენ აქ ( ყველაზე ვერ ვიტყვი რათქმაუნდა). მაშინ გავიგე რომ თუ გინდოდა მალე გეშოვნა სამსახური დამსაქმებელთან უნდა დამჯდარიყავი ბინაში, სადაც უამრავი ქალი ერთ მცირე ოთახში იყო მოთავსებული და ყოველგვარ საცხოვრებელ პირობებს მოკლებულნი დაახლოებით პატიმრებივით ცხოვრობდნენ, ვიდრე ბედი გადმოხედავდათ და დამსაქმებელი მათ საკმაოდ სოლიდურ თანხაში მიჰყიდიდა სამსახურს. მე ეს არ გამომიცდია ჩემი მფარველი ანგელოზის ქეთის წყალობით, რისთვისაც მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები მისი. ფაქტიურად ეს გოგო გახდა ჩემი სტიმული, შემდგომ, უფასო დახმარება გამეწია ემიგრანტებისთვის.
-მაგ თემაზეც მინდა მითხრათ ორიოდე სიტყვით. უამრავი ადამიანი თქვენი მადლიერია, ნუ იქნებით მოკრძალებული . გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ ამ კუთხითაც?
– ხუთი წელია ემიგრანტული ინტერნეტ ჯგუფის დახმარებით: ” ქართული დიასპორა იტალიაში” ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად. ეს იქნება დასაქმება, დაცვა, თუ სწორი ინფორმაციის მიწოდება, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მაქსიმალური ძალებით შევუმსუბუქოთ მათ აქაური მძიმე ყოფა. იქიდან გამომდინარე , რომ მე თვითონვე იგივე გზა გავიარე , ამ ხუთი წლის მანძილზე ზუსტად შევისწავლე ემიგრანტის ფსიქოლოგია, ზუსტად ვიცი რა სჭირდებათ და როგორ დავეხმაროთ მათ. რათქმაუნდა რაც ჩვენ შესაძლებლობაში შედის უკან არ ვიხევთ არასოდეს. ეს იქცა ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრების წესად ამ უცხო მიწაზე.
-ალბათ ხშირად გიწევთ წინააღმდეგობებთან გამკლავება, და სავარაუდოდ სამართებლივი გზა არც თუ ისე ადვილად გასავლელია.
– ჩვენმა ხალხმა კანონის სწორად გამოყენება უნდა ისწავლოს. ყოველთვის ვამბობ, იტალიის კანონი თანაბრად იცავს ლეგალ და არალეგალ ემიგრანტს, მაგრამ შენ თუ არ დაიცავ შენს უფლებებს, ყველა მოგატყუებს და დაგჩაგრავს. იტალია კარს გიღებს და საკუთარ ქვეყანაში გიშვებს. მერე ბევრი რამე მერე შენზეა დამოკიდებული, მას მეგობრად მიიღებ, მასპინძლად თუ უბრალოდ ჩაგვრის უფლებას მისცემ. იქიდან გამომდინარე, რომ კარგი და ცუდი ყველგანაა და რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც მილიონობით ადამიანი, მიუხედავად განსხვავებული რელიგიისა, ეროვნებისა და მენტალიტეტისა ერთმანეთთანაა მჭიდროდ შერწყმული , აუცილებელია გვესმოდეს და ვისწავლოდ რამნდენად მნიშვნელოვანია იმოქმედო კანონის მიხედვით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ გადავრჩეთ.
– გთხოვ ცოტა რამ იტალიაზეც მიამბეთ. თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ ამ ქვეყანაზე და მათ მენტალიტეტზე.
– ის, რაც ძალიან მომწონს ამ ერში ეროვნული მენტალიტეტია. არასდროს თავის ერს არ დაჩაგრავენ და სხვაზე უკან არ დააყენებენ მტყუანიც რომ იყოს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ და იტალიური ყველაფერი პრიორიტად ითვლება.
-როგორც ვიცი სწორედ იტალიაში ყოფნის პერიოდში თქვენი შემოქმედება გამრავალფეროვნდა, პოეზიიდან პროზაშიც გადაინაცვლეთ და საკმაოდ წარმატებულადაც.
– იტალიაში ყოფნისას გამიჩნდა სურვილი, პროზაში მეცადა ბედი. ეს ალბათ გარკვეულ წილად იმ საქმის ბრალიც იყო, რომელსაც მე ნებაყოფლობით ვეწეოდი ინტერნეტით, ემიგრანტულ ჯგუფებში. ხშირად მიწევდა ემიგრანტების ცხოვრებისეული ისტორიების მოსმენა. სწორედ ეს ნამდვილი ისტორიები დაედო საფუძვლად, მოთხრობების კრებულს: “იქ, სადაც შენ არ ხარ ზღვებია” წიგნი გამომცემლობა კალმოსანმა დაბეჭდა თბილისში და პრეზენტაცია გაყიდვა აქ ქალაქ ბარიში გაიმართა. არ ვიცი რამდენად შევძელი პროზაში წარმატებული ვყოფილიყავი. მე მაინც მგონია რომ პროზა ჩემი საქმე არაა, თუმცა ემიგრანტებმა შეიყვარეს ის წიგნი. ალბათ იქ საკუთარი ცხოვრების სიმართლე ამოიკითხეს.
– და მაინც ბოლო კითხვა არ გაგიკვირდებათ თუ ასეთი მექნება – როდის დაბრუნდებით? ან დაბრუნდებით?
-ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ. არ უნდა დავარღვიოთ კანონზომიერება. თუმცა გააზრებული მაქვს , რომ ყველაფერი უფრო რთულადაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მერე უჭირს გადაწყვეტილების მიღება. აქ დიდიხნით ჩამოსული არავინ მინახავს . ყველა ამბობს, რომ ერთი ორი წელი წაიმუშავებს და წავა, მაგრამ ეს ერთი ორი წელი შემდეგ წლები გრძელდება. თხოვნა მაქვს საქართველოში დარჩენილ ოჯახებთან! არ დაუშვათ, რომ თქვენი ოჯახის წევრები დიდხანს დარჩნენ სამუშაოდ უცხო ქვეყანაში. ხშირად შეახსენეთ, რომ უნდა დაბრუნდნენ. მოსთხოვეთ, იაქტიურეთ, ეცადეთ მათი გამოგზავნილი ფულით მცირე მეურნეობას მაინც ჩაუყაროთ საფუძველი და იშრომოთ. ნუ გახდებით ემიგრანტებზე დამოკიდებულნი. მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, ბებიებს უამრავი ცრემლიანი დღის და მძიმე შრომის ფასად უჯდებათ ის ფული , რომელსაც მანდ გზავნიან. არ ის დაივიწყოთ, რომ ემიგრანტის ცხოვრება ანგრევს ფსიქიკას და ჯანმრთელობას და ნუ გასწირავთ მათ ასეთი ცხოვრებისთვის დიდი ხნით.
მე დავბრუნდები, თქვენ დაბრუნდებით, ჩვენ დავბრუნდებით- ეს ის სიტყვებია, რაც ხშირად უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ დაბრუნების დრო არ გამოგვეპაროს.
წყარო:,,ქართული დიასპორა იტალიაში“. ესაუბრა მარიამ ცხვედაძე