“ჩვენ დავეკარგებით შვილებს, დედებს, მამებს, დებს, ძმებს, მეგობრებს, ქმრებს…” – ემიგრანტის წერილი 

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი,  თეონა ჭანტურია “ქართული კვირის” მკითხველს საკუთარ ჩანახატს უზიარებს. ემიგრანტის თქმით, ისინი დროსა და სივრცეში დაკარგული ქალები არიან, რომლებიც ელიან, რომ ოდესმე საკმარის თანხას დააგროვებენ და სამშობლოში დაბრუნდებიან, ამასობაში კი მათი ცხოვრება გადის და მხოლოდ ჭაღარაშეპარულები თუ უბრუნდებიან ხშირად მათ მიერვე ნაყიდ სახლებს, რომლებშიც ახლა უკვე გაუცხოებულად გრძნობენ თავს: 

“გადიან დღეები, თვეები, წლებიც და ცხოვრება მიდის, მიდის ზოგისთვის როგორ, ზოგისთვის კი როგორ. თუმცა, განსაცდელები ყველა მოკვდავს აქვს, უბრალოდ გამართლება ისაა მხოლოდ, როგორ ცხოვრობ, რა ღირებულებებით, რა პრინციპებით, ბოლოს და ბოლოს, ეკონომიკურად უნდა იყო ძლიერი – ამაში ჩანს გამოსავალი!

ეს მაშინ მეგონა, იქ, საქართველოში, ეკონომიკურად ძლიერი თუ არ ვიყავი, არაფერს წარმოვადგენდი… და მერე რა, რომ ახლა მაღალი ხელფასი მაქვს?! გული რაზეც მწყდებოდა, ყველაფერი გავაკეთე ჩემს სახლში, შვილებისთვის… მერე რა, რომ აქ არ მშია და არ მწყურია …

მადლობაო ღმერთს, რომ ასე ვართ და ამდენ რამეს ვაკეთებთო, ამბობენ ჩემი ემიგრანტი ქართველები. მე კი მათ ასე ვუპასუხებ: მადლობა ღმერთს, რომ ცოცხლები ვართ, ჯანმრთელები ვართ, თითოეული მზიანი დღისთვის მადლობა, გათენებული დილისთვის მადლობა და თუ აქ ვმუშაობთ და მაღალ ანაზღაურებას ვიღებთ, ეს, დამიჯერეთ ჩვენი უკიდურესად მძიმე შრომის შედეგია…

თქვენი არ ვიცი და სადაც ვიმუშავე ყველაგან უკიდურესად მძიმედ ვმუშაობდი ხოლმე, ახლა რომ დავიძინებ, ღამით დაღლილობისგან სხეული ითიშება სრულიად და დილამდე შეგრძნებას კარგავს… და მერე რა, რომ სურვილებს ვისრულებ?! ეს სურვილები სრულდება ჩვენ გარეშე, ჩვენ მიღმა და თუ სახლში დროზე არ წავედით, სურვილის ასრულების ფასი დაიკარგება… ჩვენ დავეკარგებით შვილებს, დედებს, მამებს, დებს, ძმებს, მეგობრებს, ქმრებს…ხო, დავეკარგებით

განა როდემდე, მეგობრებო?… რა დამართეთ ასეთი ჩემს საქართველოს, რომ ემიგრანტებს ჩამოსვლა ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვტკივა საქართველოს გარეშე, ვტირით ჩვენი ქვეყნის გარეშე და მაინც ვერ ჩამოვდივართ!

არ აქვს მნიშვნელობა, ვის დროს დაიწყო გადინება ქვეყნიდან ქართველებისა! თქვენ დაგვაბრუნეთ ჩვენს ქვეყანაში ეს ამდენი აცრემლებული ქალი, დედა, ბებია, მეგობარი, ცოლი თუ საცოლე…

ხუთშაბათს ტაძარში ვიყავი… შიგნით ქართული გალობა მიტკბობდა სულს, გარედან კი გამაყრუებელი იტალიური ლაპარაკი ისმოდა… ლოცულობდნენ ჩემი თვალცრემლიანი ქართველები და უფალს შინ დაბრუნებასა და საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას სთხოვდნენ… მამა მოსემ წირვის ბოლოს იქადაგა, მოგვეფერა ქართველებს, გაგვამხნევა, გაძლიერება გვისურვა და მისი ეს სიტყვები ახლაც ყურში მიდგას.  ქართველებს ხელფასის აღებამდე უკვე დახარჯული გვაქვს და გახაზირებული ყველაფერი და მერე თვიდან თვემდე ვართ ისევ უფულოდო…ხოლო იტალიელებს ხელფასი აღების მერე ეხარჯებათო…აი, სად ვიპოვე ამ ჩანახატის ლოგიკა – ჩვენ არასოდეს არ გვექნება საკმარისი, ემიგრანტებო… რადგან სულ აღებამდე ვხარჯავთ ხოლმე და თვეები კი ახალი ხელფასის მოლოდინში გადის, გადის წლები და ჭაღარა, ყველასაგან მივიწყებულები ვბრუნდებით სახლში…  ჩვენს გაკეთებულ, გალამაზებულ, გაუცხოებულ სახლის კედლებში…

გეფერებით ყველას და გთხოვთ, ვიფიქროთ ჩვენს კეთილდღეობაზე, ჩვენს მომავალზე უკეთესად… ჩვენი შვილების გვერდით ვიყოთ და არა აქ უგერგილოდ და უსიყვარულოდ” 

თეონა ჭანტურია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები