წმინდა ბასილის წვერი  და “ქართული ნაძვის ხე”

კალანდა ანუ იგივე კალანდრა,  სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით წლის თავს, ახალ წელიწადს ნიშნავს. გურულები განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას. ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. ჩიჩილაკს “ქართულ ნაძვის ხესაც”უწოდებენ.

ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდა და აკეცავდა. აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი, რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს, ორ სფერულ კვერცხს, ე. წ. ყვინჩილებს. ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს, რომელსაც ფრთისა და ბოლოს ბუმბულს უტოვებდნენ. მოსართავად იყენებდნენ სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტს. იმერეთში იცოდნენ ჩიჩილაკის ენდროთი შეფერადებაც კი.

ჩიჩილაკი წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას “ბასილის ფაფუკ წვერებსაც”ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი “ბასილის პურს”უწოდებდნენ. საქმე ის არის, რომ 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე გახლავთ და როგორც ჩანს, ხალხმა ამ ფორმით გამოხატა მოწიწება ამ დიდი წმინდანის მიმართ.

ჩიჩილაკის მსგავსად ხის ტოტების შემკობა და საჩუქრად მირთმევა სცოდნიათ საქართველოს სხვა კუთხეებშიც. ასეთი იყო სახადის განმგებელთათვის, „ბატონებისათვის“ მისართმევი ხე; საჩუქრებითა და ხილით შემკულ ხეს, „მაშხალას“ მიართმევდნენ ხოლმე ხევში ნეფე-დედოფალს. სვანეთში მიცვალებულის სახელზე აკეთებდნენ ე. წ. კამარას, რისთვისაც ზრდადასრულებული, ტანმაღალი ხის წვერს მიწამდე მოხრიდნენ და დაამაგრებდნენ, ხოლო ზედ სხვადასხვა შესაწირავს დაჰკიდებდნენ.

ჩიჩილაკი და სხვა რიტუალური ხეების რწმენა სათავეს იღებს ცხოვრების ხესა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული იდეებიდან. ანალოგიური რწმენები გავრცელებულია ევროპის მრავალ ხალხშიც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები