ქალაქელი ჯიბგირების ამბავი ძველ ტფილისში 

 „არა-ერთხელ ყოფილა დაწერილი ქალაქის ჯიბგირებზე ამ ჩვენ პაწაწა „დროების“ ფურცლებზე; მაგრამ, რადგანაც მეტათ საინტერესო ოინობა მოხდა გუშინ ამ ჩვენს დედა-ქალაქში ერთის ჯიბგირის მიერ, მოვიყვან ამ საქმეს თვიდამ ბოლომდე, რომ რა არი მით უფრო უკეთ გაიგოს მკითხველმა საზოგადოებამ – თუ რა საქმეებს სჩადიან ამ ქალაქში ეს წყეული ჯიბის ოსტატები, თუმც კი ყოველმა ჩვენგანმა დიდი ხანია იცის ამ ჯიბგირების ვარჯიშობა და ოინ-ოლყაბაზობა.

გუშინ ჩამოსულა ქალაქში ერთი გლეხი, რომელსაც წვითა და დაგვით ეშოვნა ორიოდე გროში და წამოეღო ქალაქში რამე-რუმეს სასყიდლათ.

ქალაქის პირში მოსვლისათანავე შეხვედრია ერთი ჯიბგირი, რომელსაც კარგი, მშვენიერი, სამეფო შალვარი ჰქონია და უთქვამს:

– გამარჯობა ძმა! სადაური ხარ? განჯელი ხომ არა ხარ?

– არა, ძმაო, სოფლელი ვარ! – უთხრა გლეხმა.

– ჰო, მეშინოდა, ვაი თუ განჯელი იყო და შენი თავიც დაჰღუპო და ჩემიც. აი, ჩემო ძმაო, ერთი კარგი შალვარი მაქვს, მოვიპარე განჯაში და მეშინიან აქაურ კაცს ვერ მივყიდი, რადგანაც აქ ბევრი განჯელები არიან და იქნება იცნონ და დავიღუპები.

თუმც გლეხს უარი უთქვამს, ღმერთმა დამიფაროს ნაქურდალისგანაო, მაგრამ ჯიბგირის თვალთ-მაქცურ ოინს მაინც გაუჭრია.

– არა, ძმაოჯან, შენ რაკი სოფლელი ხარ, რა გიჭირს, – სოფელში წახვალ და ვერავინაც ვერ გაგიგებს. ძალიან იაფათ მოგცემ – ორ მანეთათ (თან შალვარს აჩვენებს).

გლეხი, რასაკვირველია, შესცდა, აიღო და მისცა ჯიბის ოსტატს და როცა გამობრუნდა, სიხარულით ფეხს ვერ აკარებდა დედამიწაზე. ჯიბგირმა გამოისტუმრა ამ ნაირი სიტყვებით:

– ღმერთმა მოგახმაროს, ძმაო; წადი რაც შეიძლება ჩქარა, არავინ არ გაგიგოს. შენი თავიც არ დაღუპო და ჩემიც!

წამოვიდა გლეხი; თამამშოვის ქარვასლას მიუახლოვდა და იფიქრა, მოდი ერთი გავშინჯამ როგორი შალვარიაო! ამოიღო პარკიდამ და ნახა, რომ ერთი უშველებელი ძონძ-მანძი კია, რომელიც იმ შეჩვენებულს ჯიბგირს ქუჩაში მოეკრიფნა!..

ეცა ელდა ამ ღვთისაგან და კაცისაგან უმოწყალეო გლეხს და ბევრი იცა თავში და მუხლებში ხელი; მაგრამ რას გააწყობდა! თურმე იმ წყეულ კინტოს, მინამ ის გლეხი ფულს ამოიღებდა თავის ქისიდამ, უთქვამ: მოიტა ჩქარა პარკი, არავინ დაგვინახოს! გამოურთმევია პარკი და შალვარის მაგიერ რაღაც მჩვრები, ისიც დამპლები ჩაუდვია შიგ, მიუცია და თან უთქვამს: ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს; აბა, ჩქარა წადი რაც შეიძლოვო!

მოვიდა თურმე უბედური გლეხი სახლში თავის შვილთან, შეჰჩივლა მას თავის გარდასავალი. თქვენი ჭირიმეთ, ეს რა მომივიდა! ორიოდე გროში ძლივს ვაი-ვაგლახით და აინაჩრობით შევკრიბე და ეს მოვიდა ჩემ თავსაო?!

მეორე დრეს გლეხი გულდამწვარი და ხელცარიელი წავიდა შინ და ვეღარც არაფერი იყიდა.

როგორ მოგწონთ ამისთანა ჯიბგირების საქციელი? რაღა ამ ჯიბგირების შეწუხება უნდა ამ ბეჩავ გლეხობას, უიმისოთაც შევიწროებულს და შეწუხებულს?! – სოფელში ალექოების მსგავსებს ვერ ემალებიან, ქალაქში ჩამოვლენ და ამ ჯიბგირებს!

ეს საქმე ყურადღების ღირსია და ადრე თუ გვიან ერთი საშუალება უნდა გამოიგონოს, ვისიც ჯერ არს, რომ ძირიან-ფესვიანათ მოსპონ ეს საძაგელი სენი.“

კირილე ღებრიშვილი, 29 გიორგობისთვეს, გაზეთი „დროება“, 1877 წ.

წყარო: მადათოვი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები