„განუყრელი მეგობრობა“ – ბარსელონაში ქართველი და ესპანელი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
11 დეკემბერს ქალაქ ბარსელონას გალერეა „Imaginarte“-ში გაიმართა გამოფენა „განუყრელი მეგობრობა“, სადაც წარმოდგენილი იყო ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებული „სულიერების განათლებისა და კულტურის ცენტრის“ აღსაზრდელების და მათი ესპანელი თანატოლების ნამუშევრები.
გამოფენას უძღვებოდნენ ესპანეთში მოღვაწე თვითნასწავლი მხატვარი, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგი, ეკატერინე სიხარულიძე და გალერეას დირექტორი – ვიქტორია დე ლა სერნა.
ღონისძიების დასასრულს გამოფენის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებით.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ბავშვებისა და მათი ესპანელი თანატოლების ნამუშევრების ერთობლივმა გამოფენამ დამსწრე საზოგადოების და ადგილობრივი მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია.
გამოფენა წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგის, ეკატერინე სიხარულიძის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი), ქალაქ ბარსელონაში საქართველოს ვიცე-კონსული ლია ახალბედაშვილი, ბარსელონას წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგები, ბარსელონაში მცხოვრები თანამემამულეები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.