ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში მართლმადიდებლური მონასტერი იკურთხა

2020 წლის 26 ნოემბერს ამერიკაში, ოკლაჰომას შტატში, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) წმინდა იაკობ მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური მონასტერი  აკურთხა და წირვა აღავლინა.

მონასტერი ერთადერთი მართლმადიდებლური სავანეა ამ შტატში. მონასტრის წინამძღვრად დადგენილია არქიმანდრიტი ათანასე (კლარკი).

„ჩრდილოეთ ამერიკელი მართლმადიდებელი ქრისტიანები კარგად იცნობენ საქართველოს ეკლესიის ისტორიას და პატრიარქ ილია II-ს, რისი საუკეთესო მაგალითიცაა მათი სურვილი და აქტიური ქმედებები, გახდნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წევრნი.

სწორედ ამიტომ მონასტრის შეძენა ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში დაიგეგმა. ეპისკოპოსი საბა ვითარების შესასწავლად და თანმდევი საკითხების მოსაგვარებლად მაშინვე ეწვია ოკლაჰომაში მდებარე კათოლიკურ მონასტერს, სადაც რამდენიმე  ხანდაზმული მონაზონი ცხოვრობდა და, ფაქტობრივად, სრულყოფილად ვეღარ ფუნქციონირებდა.

თავდაპირველად, ფასის  გამო, მონასტრის შეძენა ვერ მოხერხდა, რადგან თანხა რეალურად აღემატებოდა ყველა შესაძლებლობას. მოგვიანებით, როცა მფლობელები დარწმუნდნენ, რომ ეს ადგილი კვლავ ქრისტიანულ მონასტერს უნდა დათმობოდა, ვითარება შეიცვალა და შეთანხმების შედეგად შესაძლებელი გახდა

ოკლაჰომას შტატში მდებარე მონასტრის შეძენა 25 ჰა მიწის ნაკვეთითა და 3000 კვ.მ.-მდე შენობა-ნაგებობებით.

ვულოცავთ ღვთის ამ დიდ წყალობას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიასა და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკლესიის სიძლიერე და წინსვლა,“ – ნათქვამია „საპატრიარქოს უწყებანის“ განცხადებაში.

სამომავლოდ, მონასტრის პირობებიდან გამომდინარე, აქ ასევე იგეგმება სამეცნიერო კონფერენციებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება, ეპარქიაში მოღვაწე ბერ-მონაზვნების შეკრება ერთიანი საქველმოქმედო, შემეცნებითი და სხვა მრავალი საინტერესო პროექტის განსახორციელებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები