ვლადიმერ კონსტანტინიდმა ესპანეთის სამეფოში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ონლაინ შეხვედრა გამართა ესპანეთის სამეფოში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ვლადიმერ კონსტანტინიდმა მადლობა გადაუხადა დიასპორულ ორგანიზაციებს პანდემიის დროს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ემიგრანტებისთვის სახელმწიფოსთან კორდინაციით გაწეული უდიდესი დახმარებისთვის.
მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს, ასევე, გააცნო გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები.
შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პროგრამებსა და აქტივობებზე, რომლებსაც წლებია ახორციელებენ ესპანეთის მასშტაბით, ასევე COVID-19-ით გამოწვეულ სირთულეებზე, რომლებთან გამკლავებაც დღესაც უწევთ დიასპორულ ორგანიზაციებს. დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის დროს, ესპანეთში საქართველოს საელჩოსა და ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს მიერ ქართველი ემიგრანტებისთვის გაწეული დახმარება იყო ძალზედ მნიშვნელოვანი და დროული. მათ ასევე, აღნიშნეს, რომ “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” საგრანტო პროგრამის განხორიციელება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უცხოეთში მყოფ თითოეულ თანამემამულეზე ზრუნვას.
შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება პოსტკრიზისულ პერიოდში ქართული დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესაპნეთის სამეფოში ილია გიორგაძე და ქ. ბარსელონაში საქართველოს კონსული ქეთევან გოგოლაშვილი. ანალოგიური სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა იტალიასა და საბერძნეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.