ესპანეთში, მსოფლიოს ხალხთა 34-ე ფოლკლორულ ფესტივალში, საქართველოც მონაწილეობს

მსოფლიოს ხალხთა 34-ე ფოლკლორული ფესტივალში, რომელიც ესპანეთში ეწყობა, საქართველოც მონაწილეობს. ღონისძიება ექსტრემადურას ფოლკლორის ფედერაციის ეგიდით და ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ქართული ასოციაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების” თაოსნობით იმართება. ფესტივალი პანდემიის გამო, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

ღონისძიების ფარგლებში, კონცერტებთან ერთად, ეწყობა მრავალფეროვანი ფოლკლორული სანახაობები.

2018 წელს ექტრემადურას ფედერაციის მიერ გამართულ ანალოგიურ ფესტივალზე, საქართველო წარმოადგინა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ანსამბლმა ,,ზესტაფონი“. ვინაიდან ხსენებულ ფესტივალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ანსამბლმა, ამჯერადაც ასოციაციის არჩევანი აღნიშნულ კოლექტივზე შეჩერდა.

ფესტივალი 3 აგვისტოს გაიხსნა გალა კონცერტით, რომელზეც მონაწილე ქვეყნებმა შეასრულეს ესპანური ტრადიციული ფოლკლორული ცეკვა LA JOTA DE UVA. ფესტივალის ფარგლებში, საქართველო თავის მრავალფეროვან პროგრამას დღეს, 10 აგვისტოს 22 საათზე (თბილისის დროით ღამის 12 საათზე) წარმოადგენს. საქართველოს შესახებ ანონსი უკვე გამოქვეყნებულია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

,,დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენი თანამემამულისთვის სასიხარულო და საამაყოა ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობის ფოლკლორის ფესტივალზე. შემოგვიერთდით ონლაინ, ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე“ – ამბობს ასოციაციის „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები” დამფუძნებელი მანანა გოგოლაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები