კახური ლხინი უძველესი ჭადრის ქვეშ – აკაკი წერეთელი თელავში

დღეს, 21 ივნისს, დიდი ქართველი მწერლის და მგოსნის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს საქართველო.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ  თელავის ისტორიული მუზეუმის  ფონდში დაცულ აკაკი წერეთელის ორიგინალ ფოტოს, რომელიც 1911 წლის 21 ივლისს პოეტის თელავში სტუმრობისას არის გადაღებული. (ფოტოგრაფი – დ.ბარკალაია).

მაშინდელმა თელავის ინტელიგენციამ, საპატიო სტუმარს, კახური ლხინი ქალაქის ცენტრში, უძველესი ჭადრის ქვეშ გაუმართა.

აკაკი წერეთელმა სიტყვა წარმოსთქვა სადილზე: –

,,ბატონებო, ჩვენი ძველების სიბრძნემ რუსთაველის პირით გვიანდერძა, რომ ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო და ეს გადმონაცემი ავგაროზად უნდა გვედოს გულზე დღევანდელ ქართველებს, მით უფრო, რომ კარგად ვერ გვაქვს გამოკვლეული სად რა უნდა ვთქვათ და როდის რა.“

კახეთში სტუმრობისას აკაკი წერეთელი მაქსი ჭავჭავაძემ (აკაკის გვერდით ზის) წინანდალში მიიწვია. მასპინძელმა სუფრა გააწყო ბაღში, ვებერთელა კაკლის ჩრდილის ქვეშ, სადაც ცნობისმოყვარე გლეხებიც შეკრებილიყვნენ. სადილი შეხამებული იყო კახური სიმღერით და ლხინით. შებინდებულზე აკაკიმ დატოვა წინანდალი დიდი მადლობით მასპინძლისადმი. სოფლის ბოლომდე აკაკის ეტლს გლეხობა მიაცილებდა მაყრულის შემოძახილით.

წყარო: თელავის ისტორიული მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები