ბელარუსში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა მიღებას 1 ივნისიდან განაახლებს

ბელარუსში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა მიღებას 1 ივნისიდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს.

„პატივცემულო მოქალაქეებო, გაცნობებთ, რომ 1 ივნისიდან ბელარუსში საქართველოს საელჩო განაახლებს მოქალაქეთა მიღებას.

საკონსულოში მიღებაზე ჩაწერა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: www.geoconsul.gov.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონსულოში ვიზიტისას მოქალაქეს ეკისრება შემდეგი ვალდებულებები:

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს). მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან);

მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან იყო მჭიდრო კონტაქტში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;

მოქალაქე საკონსულო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანი, ფარი, ან სათვალე);

მოქალაქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება;

მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;

მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.’ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები