სააღდგომო კვერცხის ისტორია

წითელ პარასკევს, მაცხოვრის ჯვარზე ვნების მოსაგონებლად,  კვერცხი იღებება.

არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და  იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.

გარდა ამისა, კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი თავისი სისხლით სიცოცხლე განწმინდა და აკურთხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები