“შეშინებული ექიმები… კეთროვანივით ვიგრძენი თავი და ვიყავი კიდეც… ახლოს არ მეკარებოდნენ…

Katia Song, იგივე კატო, 11 წელია ესპანეთში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, თუ როგორ დაინფიცირდა კოვიდ 19-ით, რა გადაიტანა და როგორ გაუმკლავდა ვირუსს. ეს არის პოსტი, რომელიც აქტუალობას არ კარგავს  და მისი წაკითხვისას მიხვდებით, რისი გადატანა შეიძლება მოგიხდეთ გაუფრთხილებლობის შემთხვევაში და რატომ უნდა დარჩეთ შინ.

სალამი, მე ვარ კატო.  11 წელია ესპანეთში ვცხოვრობ. სათვალავი ამერია მერამდენე დღეა სახლში ვარ გამოკეტილი.

მოკლედ, მოგიყვებით ჩემი, როგორც ექიმები მეუბნებიან, covid 19- ის თვითმკურნალობის პროცესს.

ადრე დავსვი კითხვა იყო თუ არა ვინმე აქ ამ ვირუსით და ლამის ქვები მესროლეს. მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ, რომ ეს არ არის სირცხვილი. იმიტომ, რომ არც ფერი აქვს და არც ანათებს. ასე, რომ შეიძლება ყველას შეხვდეს.

ჩემს შემთხვევაში ძალიან ვფრთხილობდი და სანამ ჩემს ქალაქში დაფიქსირდებოდა covid 19, მომარაგებული მქონდა სადეზინფექციო გელები და მოკლედ ყველა საჭირო საშუალება.  ვცდილობდი მეტროში ახლოს არავისთან დავმდგარიყავი და ა.შ… მაგრამ… ამ ვირუსის დროს  გვგონია, რომ შეიძლება უცხო ადამიანი  იყოს ჩვენი ინფიცირების წყარო, რაც მცდარია, ის შეიძლება იყოს ჩვენივე ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი და ა. შ.

რაც შეეხება სიმპტომებს…

დაახლოებით 10 დღის წინ  ყელის ტკივილი დამეწყო, არ მქონდა სურდო, არც ცემინება. იმავე დღეს მშრალი ხველება დამეწყო. მეგონა გაციებული ვიყავი და დიდად ყურადღება არ მიმიქცევია.

მე-3 და მე-4 დღე, ალბათ,  ყველაზე რთული იყო. სუნთქვის პრობლემები შემექმნა და ფილტვებიდან, ყოველ ჯერზე, ჰაერის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა  ტკივილთან იყო დაკავშირებული. კიდევ თავის ტკივილი და თავბრუსხვევა მქონდა.

ვეცდები შეგრძნება  აღვწერო: თითქოს მტვერი შეგაყარეს ფილტვებში და ჟანგბადს ვერ იღებ, ან კიდევ, დამსხვრეული ბოთლის პატარა ნაწილაკები რომ გერჭობოდეს. არ ვიცი რამდენად გასაგებად ვხსნი…

მოკლედ, დავრეკე ჩემს პირად ექიმთან,  რომელთანაც ამ დროისთვის ვიზიტის ჩანიშვნა უკვე გაუქმებული იყო და მარტო სატელეფონო კომუნიკაცია შემეძლო.  როცა ჩემს ექიმს სიმპტომები  მოვუყევი მითხრა, რომ covid 19-ის სიმპტომები მქონდა და რადგანაც რისკ ჯგუფში არ შევდიოდი,  ვერაფერს გამიკეთებდნენ და სახლში უნდა დავრჩენილიყავი. ვერც გავიდოდი, ვერც ვერავინ შემოვიდოდა ჩემთან. თავიდან მეგონა, რომ მე არა… რანაირად… საიდან… შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობარი, რომელიც მადრიდში იყო და ვისთანაც კონტაქტი მქონდა 10 დღის წინ, ისიც იგივე სიმპტომებით ცუდად იყო და covid 19 დაუდგინდა. ის რისკ ჯგუფში შედიოდა და მას ჩაუტარეს ტესტი. მოკლედ ვაგრძელებ მოყოლას.

მე-5, მე-6 დღეს სუნთქვა უფრო მიძნელდებოდა და ამას დაემატა სიცხეები. სიცხე არც ისე მაღალი მქონდა – 37.8 ; 37.9. პარაცეტამოლით ვაგდებდი და ჩემს უჟანგბადობას ინჰალატორით ვებრძოდი, მაგრამ დიდად არ მეხმარებოდა. საუბარი მიჭირდა იმიტომ, რომ ისტერიული ხველა მემართებოდა. ამიტომ უმეტესად ვცდილობდი მშვიდად  და ჩუმად ვყოფილიყავი.

ყველაზე რთული, ალბათ, მე-8 დღე აღმოჩნდა. 2- ჯერ მქონდა შეტევა და მეგონა, რომ ვიგუდებოდი (ჩემი ექიმი ყოველდღე სატელეფონო კონსულტაციას გადიოდა ჩემთან და როგორც აქამდე quedate tranquila en casa იყო პასუხი). მოკლედ, გადავწყვიტე ექიმთან ჩემით  წასვლა. მანამდე დავრეკე სასწრაფოში და ვიკითხე, თუ როგორ უნდა წავსულიყავი ისე, რომ სხვისთვის საფრთხე არ შემექმნა. გვიან ღამით, ჩემი ნიღბით და ხელთათმანით ფეხით წავედი ჰოსპიტალში. ქუჩაში არავინ იყო, ალბათ სულ 2 ადამიანი შემხვდა და ორივეჯერ გზის მეორე მხარეს გადავედი.

ყველაზე რთული იყო, როცა  ჰოსპიტალში მივედი. ეკიპირებული ექიმი მეკითხება რატომ მოხვედი? პასუხი: – ვიხრჩობი.

მოკლედ, შეშინებული ექიმები, შეშინებული მე… კეთროვანივით ვიგრძენი თავი და ვიყავი კიდევაც… ახლოს არ მეკარებოდნენ. მათიც მესმის, შიშველი ხელებით არიან დარჩენილები და არაფერი აქვთ იმისთვის, რომ თავი დაიცვან. მოკლედ გამიგრძელდა… გადამიღეს რენტდგენი, დამინიშნეს წამალი და წამოვედი სახლში.

დღეს მე -10 დღეა. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ნაკლებად მახველებს.

იმედია ხვალ და ზეგ უკეთ ვიქნები.

ერთადერთი ის მინდა, რომ დროზე მორჩეს და ჩემი შვილები ჩავიხუტო ისევ გულში.

მინდა გითხრათ, რომ არც ისეთი მომაკვდინებელია covid 19. უბრალოდ, მინდა გთხოვოთ და გირჩიოთ, რომ თუ ვინმე გყავთ უფროსები, ბებიები, ბაბუები, მშობლები, ან ისეთი ოჯახის წევრები,  ვისაც პათოლოგიები აქვთ, შეეცადეთ მაქსიმალურად იზოლაციაში ამყოფოთ. არ მიხვიდეთ, საკვები დაუტოვეთ კართან.

10 დღე პირში მგრძნობელობა დავკარგე, რაც  არ არის სასიამოვნო შეგრძნება. იმედია ესეც მალე დამიბრუნდება…

მე რამდენიმე დღე ვიყავი ცუდად, მაგრამ არა ისე, რომ ადამიანმა ვერ გაუძლოს, მაგრამ ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვს, მათვის რთულად გადასატანი იქნება.

რაც მთავარია, განეწყვეთ დადებითად, არ აჰყვეთ ნერვებს. ნერვიულობა აქვეითებს იმუნიტეტს და ავადმყოფობა უფრო გაგიგრძელდებათ. მიიღეთ ბევრი სითხე .

მადლობა და ბოდიში ასეთი დიდი პოსტისთვის.“

თავს გაუფრთხილდით და გაუფრთხილდით სხვებს.

პ.ს  რაც შეეხებათ ბავშვებს – როგორც აქ ამბობენ, ბავშვები ჩუმი მატარებლები არიან და ამიტომაც ბავშვები სახლებში გვყავს გამოკეტილი.

ნუ გეშინიათ, თქვენ შვილებს არაფერი დაემართებათ. უმჯობესია ბებია – ბაბუებთან არ დატოვოთ და არც იმ ადამიანებთან, ვინც მაღალ რისკ ჯგუფშია.

ნუ გეშინიათ. თუ მე შევძელი, თქვენც აუცილებლად შეძლებთ გამკლავებას.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები