ნიკოლოზ ჩხეიძე: ჩვენი მასიური ჩასვლით საქართველოში უსერიოზულეს საფრთხეს შევუქმნით ძაფზე დაკიდებულ “სტატუს ქვოს”
აშშ-ში ქართული დიასპორული ორგანიზაცია “თვისტომის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ ჩხეიძე ემიგრანტებს მიმართავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ემიგრანტებმა სწორად შეაფასონ არსებული სიტუაცია და მოსალოდნელი საფრთხეები და გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, არ მიიღონ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება.
“დღეს, ამ სიტუაციაში, თუ გამოუვალი მდგომარეობა არ არის, თუ გადაუდებელი ჯანმრთელობის პრობლემა არ გვიდგას, თუ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, ჩვენს მომავალს ვუფრთხილდებით – უნდა დავრჩეთ იქ, სადაც ვართ, რომელ ქვეყანაშიც ვცხოვრობთ, დავეხმაროთ აქ, ემიგრაციაში ერთმანეთს და ამით კი დავეხმაროთ ჩვენს ისტორიულ სამშობლოს ქართულ სახელმწიფოს რომ გადაურჩეს ამ “ჟამიანობის” მძიმე შემოტევას და განვითარდეს, ერს ჯანმრთელი და ბედნიერი მომავალი ჰქონდეს!
ერთმანეთს ვჭირდებით აქ – სადაც ვართ. ვჭირდებით უამრავ თანამემამულეს, ვინც გაჭირვებაშია დღეს!
ჩვენი მასიური ჩასვლით საქართველოში უსერიოზულეს საფრთხეს შევუქმნით იმ “ძაფზე დაკიდებულ” “სტატუს ქვოს”, რისი შენარჩუნებაც ასე ძვირად გვიჯდება, ამდენი პროფესიონალის წვალებისა და შრომის ფასად.
შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გამოვიჩინოთ კეთილი ნება და გონიერება, დავუდგეთ ემიგრანტები ემიგრაციაში ერთმანეთს მხარში , ყველა, განურჩევლად ყველაფრისა, გადავარჩინოთ ერთმანეთი სადაც ვართ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა !
გვერდში დავუდგეთ ერთმანეთსაც და იმ ხალხს, იმ ერს, იმ ქვეყანას რომელმაც შეგვიფარა, მოგვეფერა და არსებობისა და განვითარების ყველა პირობა შეგვიქმნა ჩვენ, ჩვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოს.” – აცხადებს ნიკოლოზ ჩხეიძე