“ჩვენ, ყველა, საქართველოსათვის დღეს მოსიარულე ნაღმები ვართ” – ქართველი ემიგრანტის წერილი ესპანეთიდან
ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი საქართველოს ექს-პრეზიდენტის შეთავაზებას პასუხობს და პოლიტიკოსებს სთხოვს, თავი შეიკავონ დემაგოგიური განცხადებებისა და ემიგრანტების პოპულიზმის იარაღად ქცევისაგან.
იგი, ასევე, მოუწოდებს ემიგრანტებს არსებულ სიტუაციაში თავი შეიკავონ საქართველოში დაბრუნებისაგან და დახმარება აღმოუჩინონ თანამემამულეების იმ ნაწილს, რომელსაც ახლა ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ემიგრანტის წერილს “ქართული კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“მეგობრებო, ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და კარგად ყოფნას.
მაშინ, როდესაც მსოფლიოში ასეთი მდგომარეობაა, მაშინ, როდესაც ხალხი, ვის გამოც ემიგრანტები გავხდით ნაღმზე ზიან, არ მიმაჩნია ადეკვატურად პოლიტიკური თამაშის მთავარ ფიგურებად ვიქცეთ. წლებია ოჯახებს, შვილებს, მშობლებს, ახლობლებს მოშორებულები უცხოეთში ვცხოვრობთ. მე, პირადად, შევარდნაძის დროს დავტოვე საქართველო და თამამად შემიძლია ვთქვა, არც ერთი მთავრობის, არც ყოფილი და არც ახლანდელის გუნდრუკის მკმეველი არ ვარ, მაგრამ…. არსებობს დიდი მაგრამ!
1. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა (!) ჩვენ, ემიგრანტები სამშობლოში დაგვაბრუნოს. სამშობლოში, სადაც ჩვენი უახლოესი ადამიანები შიშით, მაგრამ მაინც იმედით ელოდებიან გათენებას, სადაც ჩვენი საყვარელი ადამიანები დღეს ჩვენზე მეტად დაცულები არიან. არ მინდა პოპულიზმში ჩამეთვალოს, მაგრამ ჩვენ, ყველა, საქართველოსთვის დღეს მოსიარულე ნაღმები ვართ, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს ის პირველი, რომელიც ჩვენმა პატარა ქვეყანამ დღემდე დიდი ძალისხმევისა და დიდი პროფესიონალიზმის წყალობით თავიდან აიცილა. მე არ მინდა ვიყო ეს პირველი! დარწმუნებული ვარ, არც თქვენ!
2. ესპანეთში რამდენიმე ქართული ორგანიზაციაა, რომელშიც ესპანეთის ყველა რეგიონში მყოფი თითქმის ყველა ქართველია გაერთიანებული. თუ გაერთიანებული არა, კონტაქტი მაინც აქვთ ამ ორგანიზაციებთან. ესპანეთში საქართველოს საელჩოა და ორ რეგიონში საქართველოს საკონსულო, ესპანეთში ქართული სამრევლოებია მადრიდში, ბარსელონასა და ვიტორიაში და ამის შესახებ ესპანეთში მცხოვრებმა ყველა ქართველმა იცის. ისიც ხომ ყველა ქართველმა ვიცით, რომ ყველა ეს ორგანიზაცია, საკონსულო, საელჩო, სამრევლოები, დიასპორული ორგანიზაციები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ყველა ემიგრანტ ქართველამდე მიდიან, ვინც კი მათგან რაიმე სახის დახმარებას ითხოვს. ბევრი ემიგრანტისთვის იქირავეს იზოლირებული ბინები, მოამარაგეს საკვებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით. დღეში ათჯერ გვირეკავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს პარლამენტიდან, მუდმივ კონტაქტზე ვართ ერთმანეთთან დიასპორის, სამრევლოს, საელჩოს და საკონსულოს წარმომადგენლები. ერთი წუთით, ერთი წამითაც კი საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში მშობლიური ქვეყნის მიერ მიტოვებულები, ყურადღების მიღმა დარჩენილები არ ყოფილან! ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს უცხოეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის!
3. თვითმფრინავი, (თვითმფრინავები) რომელიც (რომლებიც) ესპანეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ემიგრანტი მოქალაქეებისთვის მარტის დასაწყისში გაფრინდნენ, თითქმის ცარიელები, ბორტზე 20-30 მგზავრით ჩაფრინდა საქართველოში. მაშინ, ჩვენ, ემიგრანტებმა საქართველოში დაბრუნებისგან თავი შევიკავეთ – ,,დავიცადოთ“, „არაფერიც არ მოხდება“, „საშიში არაფერია“… და როცა ჩვენი ყოყმანის გამო ჩვენ და ჩვენი მასპინძელი ქვეყნის, ან, უფრო სწორედ, ჩვენი „მეორე სამშობლოს“ მოქალაქეები ერთნაირად აღმოვჩნდით საფრთხის ქვეშ, მესიად მოგვევლინა სააკაშვილი – საქართველოში წაყვანას გვთავაზობს. რატომ? ჩავალთ საქართველოში და ზუსტად ისე უნდა ვიჯდეთ კარანტინში, როგორც აქ! მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა ყოველ წუთს ეპიდემიის აფეთქებას ელოდება, როდესაც ქუდზე „ექიმი“- ს რეჟიმშია, რომელ ჩვენგანს გვინდა შვილებს, ახლობლებს შევეცილოთ ან ექიმში, ან საკარანტინე თუ საიზოლაციო სივრცეში. დახმარება უნდა მიშას? აქ, ესპანეთში, საფრანგეთში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში დაგვეხმაროს – ათი ათასი ადამიანის წაყვანა შეუძლია თურმე საქართველოში, ხუთი ათას ადამიანს გაუნაწილოს ის თანხა, ბინები აქ გვიქირაოს, საკვები აქ მოგვცეს, სადეზინფექციოც მოგვცეს და მსოფლიოში დეფიციტად ქცეული პირბადეებიც!
4. სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ქვეყანა, სიგიჟემდე მინდა ჩემს სამშობლოში. მაგრამ კარანტინში კი არა, ბედნიერი, გაღიმებული ახლობლების გარემოცვაში. მინდა ჩავეხუტო მეგობრებს, ახლობლებს და პატარა ნათლულებს კოცნით ავუწითლო ლოყები. მეგობრებთან ერთად მინდა რუსთაველზე გავისეირნო და შარდენზე ყავა დავლიო. ეს თუ არ იქნება, შიშით თუ დამიწყებენ ყურებას, პოტენციურ საფრთხედ თუ ვექცევი ახლობლებსა და ქვეყანას, მანამ, ვიდრე საფრთხე გადაივლის, აქ, ესპანეთში მირჩევნია ვიჯდე გამოკეტილი ოთხ კედელშუა. მჯერა, თქვენც ჩემო საყვარელო ემიგრანტო თანამემამულენო!
#დავრჩეთსახლში, იქ, სადაც ახლა ვართ!