ხელოვანი, რომელიც განწყობას აფერადებს და მისი მოსწავლეების შექმნილი უჩვეულო პანო

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის, ვინც ჩვენში ლენტებით ქარგავს, მისი ნამუშევრები ბევრისგან გამორჩეულია და დახვეწილი. საკმაოდ რთული სამუშაოა, თუმცა ირინა ჯინჭარაძე თვლის, რომ რასაც აკეთებს, იმდენად სასიამოვნო პროცესია, სირთულეს ვერც გრძნობს.

ირინა ჯინჭარაძე: „მიყვარს ხელოვნება და ცხოვრებაში ესთეტი ვარ, ამიტომ არავის გაჰკვირვებია ერთ მშვენიერ დღეს ტილოზე ქარგვა რომ დავიწყე. როცა შედეგი დავინახე, ძალიან მომეწონა. მას შემდეგ არც გავჩერებულვარ. ჩემი საყვარელი მიმართულება შერეული ტექნიკაა, რომლის დროსაც სხვადასხვა მასალები გამოიყენება. ბედნიერი ვარ, თუკი ვახერხებ და ჩემი ნამუშევრებით ადამიანებს განწყობას ვუფერადებ.“

გარკვეული დროის შემდეგ ქალბატონ ირინას მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. დღეს ლენტებით ქარგვას მერი შენგელიას სტუდიაში უკვე სხვებს ასწავლის და ბევრი მოსწავლე ჰყავს. სიამაყით ამბობს, რომ ყველა მათგანი მიზანდასახული ადამიანია და თითოეულს ერთმანეთისგან განსხვავებული ხელწერა აქვს. ყველაზე პატარა მოსწავლე ათი წლის ბარბარე წიკლაურია, რომელიც ამ ასაკისთვის საოცრად ქარგავს.

ბოლო დროს მის შემოქმედებაში სიახლეც გაჩნდა, განსაკუთრებული სიხარულით საუბრობს მხატვარ კობა წიკლაურთან კოლაბორაციით შექმნილ ნამუშევრებზე.

ირინა ჯინჭარაძე: „ერთ დღეს, კობამ და მე გადავწყვიტეთ ერთობლივი ნამუშევრები შეგვექმნა. კობამ დახატა, მე კი მისი ნახატი ლენტებით მოვქარგე. ასე შეიქმნა ჩვენი ფერადი ნატურმორტები და პეიზაჟები. მოგვიანებით ეს ნამუშევრები გამოფენაზე გავიტანეთ და მათ მნახველების გულწრფელი მოწონება დაიმსახურეს.“

ირინა ჯინჭარაძე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია და შემოქმედებით აქტივობებში აქტიურადაა ჩართული. ბოლო დროს გამართულ თითქმის ყველა ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. სამომავლოდ პერსონალურ გამოფენაზეც ფიქრობს, რადგან  ბევრი საინტერესო ნამუშევარი დაუგროვდა.

20 ივნისს, „იარტ გალერეაში“ მერი შენგელიას ხელოვნების სტუდიის ხუთი წლის საიუბილეო გამოფენაზე მისული მნახველი ირინა ჯინჭარაძის მოსწავლეების ნამუშევრებს იხილავს.

რაც შეეხება ყველაზე უჩვეულო ნამუშევარს, ირინა ჯინჭარაძემ გაიხსენა:

„აპრილის თვეში ბოტანიკურ ბაღში გვქონდა გამოფენა, რომლის დროსაც მასტერ-კლასიც ჩავატარეთ. ჩემმა ოთხმა მოსწავლემ: მაია მორბედაძემ, ნონა ბერაძემ, კლავდია მარიამიძემ და ხათუნა იაკობიძემ პანოზე საკურას ყვავილი ერთობლივად მოქარგეს. ასეთი იდეა თავად მერი შენგელიას გაუჩნდა. ერთობლივად შექმნილი პანო ისეთი ლამაზი გამოვიდა, რომ ყველა აღფრთოვანდა. ასეთი პანო ჯერ არავის შეუქმნია. გადაწყვეტილი მაქვს, რომ მასზე ჩემი მოსწავლეების სახელ-გვარებიც მივაწეროთ.“

 

მასალა მოამზადა თეონა გოგნიაშვილმა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები