მინერალური წყალი „მიტარბი“ – ბაქტერიოლოგიურად სუფთა, სამკურნალო, სუფრის წყალი

ქართული მინერალური წყალი „მიტარბი“ მოიპოვება ბუნებრივად, წყაროზე და ჭაბურღილის მეშვეობით. ეს არის ნახშირმჟავა-მინერალური წყლის საბადო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდ. მიტარბულას ხეობაში, ზღვის დონიდან 1322,2 მეტრზეა. წყლის საბადო განლაგებულია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის წყალნარევიანი ოლქის ფარგლებში, მას ერევა ნაპრალურ-კარსტული წყლები თრიალეთის ქედიდან და, საერთო ჯამში, ვიღებთ საბადოთა მეორე ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია რთული ჰიდროგეოლოგიური პირობები.

ქიმიური ანალიზების მონაცემებით, №18 ჭაბურღილის მინერალური წყალი ხასიათდება როგორც ნახშირორჟანგიანი, კაჟმჟავიანი, რკინიანი, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმ-კალციუმიანი წყალი. მისი საერთო მინერალიზაცია მერყეობს 2,0-დან 2,5 გ/ლ-ს ფარგლებში.

წყლის ტემპერატურა დაახლოებით 21 გრადუსია. სტრუქტურით გამჭვირვალეა, უფერო, უსუნო, არ ახასიათებს მექანიკური და სხვა მინარევები, არის ბაქტერიოლოგიურად სუფთა.

მინერალური წყალი „მიტარბი“ არის სამკურნალო, სუფრის წყალი. მისი სამკურნალო თვისებები განისაზღვრა წყლის შემცველობის კვლევის შედეგად. „მიტარბის“ მიღება მიზანშეწონილია საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშარდე გზების დაავადებების სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროს.

ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2014 წლის 12 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები