ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიმართება

9️ აპრილს, 1️5️:0️0 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიმართება.

ღონისძიება 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიიდან 35 წლისთავს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ეძღვნება.

„საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ფოტოები და დოკუმენტები, რომელიც ქრონოლოგიურად აღადგენს 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

ექსპოზიცია მოიცავს  9 აპრილის ტრაგედიის წინა პერიოდს, დემონსტრაციის დარბევის ამსახველ კადრებს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისადმი მსოფლიოს გამოხმაურებას. ასევე წარმოდგენილი იქნება ტრაგედიის ერთგვარი შედეგის, 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების ამსახველი ფოტომასალა.

ექსპოზიცია დასრულდება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმისა და მისი შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ამსახველი უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალით“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, პლაკატები, საარჩევნო ბიულეტენები, წიგნები და სხვა მასალები დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები