შეკვეთით შექმნილი ღვინო – 1978 წელს ახალი სამარკო თეთრი მშრალი ევროპული ტიპის ღვინო „ვაზისუბანი“ დამზადდა

მეოცე საუკუნის ბოლოს, ჯერ კიდევ იუნესკოს მიერ ღვინის სამშობლოდ აღიარებამდე, საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყანას, უკვე ჰქონდა საკუთარი ადგილი მსოფლიო რუკაზე. ღვინის კონკრეტული სახეობები უკვე გადიოდა ექსპორტზე, ქართული ღვინო წარმატებით იმარჯვებდა საერთაშორისო გამოფენებზე. ღვინის ისტორიას ამყარებდა საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა მოვლენა, მოგზაურთა და მკვლევართა შეფასებები, ფაქტები იმისა, რომ უძველესი დროიდან ქართული ღვინო წარმატებით იყიდებოდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებში, გადიოდა აღმოსავლურ და ევროპულ ბაზრებზე და, ქართული ღვინის ჭაჭაზე დადუღება-დავარგების წყალობით, ევროპულ ღვინოებთან შედარებით, ქართული (და განსაკუთრებით კახური) ღვინო ორჯერ უფრო მეტად იყო დახუნძლული სასარგებლო თვისებებით.

ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, საბჭოთა სისტემა დამატებით ითხოვდა ქარხნების გააქტიურებულ მუშაობას და ახალ-ახალი სახეობის ღვინის შექმნას. მთავარი არგუმენტი, რაც საბჭოთა მმართველობას ჰქონდა, ეს იყო გაზრდილი მოთხოვნა. სუფრის ღვინის მარაგი წლიდან წლამდე უფრო მეტი იყო საჭირო. ქართული ღვინო ამარაგებდა მთელ საბჭოთა კავშირს და, როგორც ცნობილია, ასეთ დროს მაღალ ხარისხთან ერთად რაოდენობაც იყო მნიშვნელოვანი.

სწორედ ამ მეთოდით, შეკვეთით შეიქმნა ღვინო „ვაზისუბანი“ – 1978 წელს, წინანდლისა და გურჯაანის ღვინის ქარხნების სპეციალისტებმა დაამზადეს ახალი სამარკო თეთრი მშრალი ევროპული ტიპის ღვინო „ვაზისუბანი“.

„ვაზისუბანს“ აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა. უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი და დახვეწილი გემო, გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, მინდვრის ყვავილების ტონებით და დავარგების დროს განვითარებული ხილის ტონების ბუკეტით. „ვაზისუბნის“ ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.

ყურძენი, რომლითაც „ვაზისუბანი“ მზადდება, აუცილებლად უნდა იყოს მოწეული კონკრეტულ მიკროზონაში. მის არეალს შეადგენს შემდეგი სოფლები: ვაზისუბანი, კალაური, შაშიანი და ვაჩნაძიანი. რაც შეეხება ვაზის ჯიშს, გამოიყენება მხოლოდ რქაწითელი და დასაშვებია მხოლოდ 15%-იანი მინარევი კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან. ყველა შემთხვევაში, ორივე ჯიშის ყურძნის ვენახები არ უნდა გადიოდეს „ვაზისუბნის“ მიკროზონის ფარგლებს გარეთ.

საინტერესოა კლიმატი და ნიადაგი, რაც ამ სოფლების ყურძნის განსაკუთრებულ გემოს განაპირობებს. ვაზისუბნის მხარეს აქვს ზომიერად ნოტიო ჰავა, ცხელი ზაფხული, საშუალოდ ცივი ზამთარი და ნალექის ორმაგი მსვლელობა მთელი წლის განმავლობაში. მიწის საფარი კი არის ყავისფერი მდელოებით სავსე, მრავალგვარი მექანიკური შემადგენლობით და გომბორის მთის ზედა სარტყლისთვის დამახასიათებელი ტყის ყავისფერი ნიადაგებით.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ვაზისუბანი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2007 წლის 10 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.

წყარო: საქპატენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები