გეოგრაფიული აღნიშვნა „მესხური ჩეჩილი“- ჩეჩილი ყველი – ხალხის მიერ მოფიქრებული საუკეთესო ვერსია

ერთია ქართული კულინარია და მეორეა ის უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც ქართველ ხალხს ოდითგან ახასიათებდა. კულინარია იყო ერთ-ერთი მთავარი სფერო, სადაც რწმენა ძალიან ძლიერად ტოვებდა კვალს ამა თუ იმ პროდუქტის სახელზე, მომზადების თუ მირთმევის წესზე და ა. შ. ზუსტად ასეთ შემთხვევას ვხვდებით მესხეთში, სადაც გადმოცემა გვეუბნება, რომ ყველა ოჯახში უნდა ყოფილიყო „წმინდა ერბო“. ეს სახელი იტევდა ორ მნიშვნელობას – ერთი მხრივ, ღვთიურ სიწმინდეს, მეორე მხრივ კი სიუხვეს. რომელ ოჯახსაც ჰქონდა ერბო, ის თავს აუცილებლად გაიტანდა, გაჭირვება არ დაუდგებოდა და მისი ოჯახი წმინდა იყო, ანუ დაცული შიმშილისგან. თავად ერბო კი სწორედ ყველის დამზადების შემდეგ რჩებოდა ოჯახს. რძიდან ჯერ მოიხდებოდა ნაღები, დარჩენილი რძისგან ამზადებდნენ ყველს – ჩეჩილს, ცხიმისგან კი ამზადებდნენ ნოყიერ ერბოს. გარკვეულწილად, ოჯახში ერბოს არსებობა ნიშნავდა ყველის არსებობასაც.

რაც შეეხება კონკრეტულად მესხურ ჩეჩილს, მისი ფორმა და სტრუქტურა დაკავშირებულია ადგილობრივი ცხოვრების სტილთან. რეგიონთან, რომელიც გამოირჩევა ხანგრძლივი ზამთრით, სიცივით და აქტიური მეცხოველეობით. ჩეჩილი ყველი კი ხალხის მიერ მოფიქრებული საუკეთესო ვერსიაა, რაც ძროხის მოხდილი რძისგან შეიძლებოდა მიეღოთ – ნოყიერი, მსუბუქი, შესანახად იოლი და მინდორში წასაღებად ადვილი. მწყემსები მას ნაჭერში ახვევდნენ და თან მიჰქონდათ.

რძის მომწიფების, ჩაკვეთის, შედედების, გაცხელებისა და მორევის შემდეგ, წარმოიქმნება დიდი ფიფქები, რომლებიც ადვილად ეწებება ერთმანეთს. მათ ხელის მოძრაობით აძლევენ გრძელ ფორმას, როგორც თოკს, თასმას. ასე იქმნება ჩეჩილი. ყველი, რომელიც სხვა წათხის ყველისგან გამოირჩევა თავისებური დამზადების ტექნოლოგიით. ყველის ძაფოვანი მასა არის შეკრული ან დაწნული ფორმის. ძაფები მკვრივია, გაწელვისას საკმაოდ მყარი და დაწნულ თოკებს მოგაგონებთ. ფერად თეთრია, აქვს მსუბუქი, რძემჟავური, სასიამოვნო სუნი და გამოკვეთილი ცილოვანი, საკმაოდ მარილიანი გემო. მესხური ჩეჩილის ფორმა სქელ ნაწნავს მოგაგონებთ და იქიდან მომდინარეობს, რომ დასაკეცად ყველაზე მარტივია – რამდენჯერმე დაატრიალებენ ხელში, გადაკეცავენ, დაგრეხილს აწყობენ დიდ ხის დაფაზე, ელოდებიან სანამ დაიწრიტება ზედმეტი სითხისგან და შემდეგ გადააქვთ მარილწყალში, სადაც დამარილებასთან ერთად ყალიბდება მისი გემო. ყველის სახელწოდებას განსაკუთრებული კვლევა არც სჭირდება, ჩეჩილი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამ ძაფების ხელით აჩეჩვაა შესაძლებელი. იგივე შინაარსს ატარებს ივანე ჯავახიშვილის ჩანაწერი, რომელიც ჩეჩილი ყველის დაწვნა-დაგრეხას დეტალურად აღწერს თავის ნაშრომში.

მესხური ჩეჩილის უნიკალურობას სწორედ ადამიანური ფაქტორი, კერძოდ კი მისი მომზადების მრავალწლიანი ტრადიცია განაპირობებს, რომელიც დღემდე ცოცხალია მის წარმოშობის ტერიტორიაზე. საქპატენტში რეგისტრირებულ სპეციფიკაციაში აღწერილი წესის თანახმად, ამ ყველის დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და ყველის წარმოება უნდა ხორციელდება მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე.

გეოგრაფიული აღნიშვნა „მესხური ჩეჩილი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.

წყარო:საქპატენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები