საქართველოს მუზეუმელთა ალიანსი და ხელოვნების სასახლე ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის ოფიციალური წევრი გახდა

საქართველოს მუზეუმელთა ალიანსი – “ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის” (NEMO – The Network of European Museum Organisations) ოფიციალური წევრი გახდა. ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის პატივი ხელოვნების სასახლესაც ერგო.

საქართველოს მუზეუმელთა ალიანსი 2 წლის წინ დაფუძნდა. ის ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციაა და დღეს 500-ზე მეტ პროფესიონალ მუზეუმელს აერთიანებს. ალიანსი შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, გიორგი ჩიატაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის და ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის ურთიერთანამშრომლობის შედეგია.

საქართველოს მუზეუმელთა ალიანსმა 2022 და 2023 წლებში პირველად საქართველოს მუზეუმების ისტორიაში ქართველ მუზეუმელთა ასამბლეა გამართა. მუზემელთა ალიანსის ინიციატივით 2023 წლის 18 მაისს კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო პრემიები პირველად გასცა. აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას, დავით არსენიშვილისა და აკაკი ჭანტურიას სახელობის სამუზეუმო პრემიები გამორჩეულ ქართველ მეცნიერებსა და სამუზეუმო საქმის სპეციალისტებს გადაეცათ

NEMO – “ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი“ (NEMO – The Network of European Museum Organisations) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ასოციაცია, იგი ერთის მხრივ ევროპის საუკეთესო მუზეუმებს წარმოადგენს და ამასთანავე ხელს უწყობს პროფესიონალებს შორის აქტიურ თანამშრომლობას. NEMO-ს მისიაა უზრუნველყოს კულტურული ინსტიტუციების მხარდაჭერა, ადვოკატირება და თანამშრომლობის პლატფორმის განვითარება ევროპის მუზეუმებსა და მუზეუმებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს შორის.

“საქართველოს მუზეუმელთა ალიანსმა უკვე მიიღო მიპატიჟება ფინეთის ქალაქ ლაჰტში ამა წლის 19-21 ნოემბერს NEMO-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე. კონფერენციის სახელწოდებაა: „NEMO European Museum Conference 2023 – and… ACTION! Museums in the climate crisis“. კონფერენცია მიეძღვნება კლიმატური კრიზისის გავლენას მუზეუმებზე, აღნიშნულ ღონისძიებაზე ევროპის წამყვანი მუზეუმებთან ერთად საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას”, – ნათქვამია საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები