“ბათუმის დღეები” იერუსალიმში

ისრაელში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, “ბათუმის დღეები” გაიმართა. ორი დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართულ ფოლკლორ შოუს დასწრებოდნენ, სადაც ქართული დეკორაციებით გაფორმებულ ულამაზეს სივრცეში აჭარული ხაჭაპურის, ხინკლისა და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასები და დეგუსტაციები მიმდინარეობდა.  ღონისძიებაზე გამოფენილი იყო აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც გარდა აჭარის საყოფაცხოვრებო ნივთების გაცნობისა, სტუმრებს ქსოვისა და ქარგვის მასტერკლასებში ჩართვის საშუალება ჰქონდათ.

ბათუმის დღეების ფარგლებში ქართულ სიმღერასა და ცეკვას ანსამბლი “ბათუმი”, ცეკვის აკადემიური ანსამბლი “ხორუმი”, ისრაელში არსებული ცეკვის ანსამბლი “ფესვები” და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი წარმოადგენდა. კონცერტში მონაწილეობდნენ სოლო შემსრულებლები არჩილ გოგიტიძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, სოფო ხალვაში, ხათუნა დონდუა და მორის მელაძე.

“ბათუმის დღეები” იერუსალიმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ისრაელში საქართველოს საელჩოს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანი ისრაელში აჭარისა და ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაციაა. ჯამში ღონისძიებას 2000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები