გერმანიაში ახალგაზრდა მხატვრის დავით რომანაძის გამოფენა გაიხსნა

6 აპრილს, ჰილდენში, ქართველი ახალგაზრდა მხატვრის დავით რომანაძის გამოფენა გაიხსნა, რომელიც 16 აპრილამდე გასტანს. 

„Haus Hildener Künstler-ი ყოველთვის მხარს უჭერდა ახალგაზრდა მხატვრებს. წარსულში, ხშირად თანამშრომლობდა დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიასთან. წელს Kunstverein-ი საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მხატვარს საქართველოდან 6-იდან 16 აპრილამდე მოაწყოს პერსონალური გამოფენა Atelierhaus Hofstraße 6-ში.

28 წლის დავით რომანაძემ საქართველოში ბათუმის უნივერსიტეტი ხელოვნებისა და არქიტექტურის სპეციალობით დაამთავრა.

გერმანიამ ორივე კურსი აღიარა. ის წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ბრემენში ცხოვრობს და ნახატები, რომლებსაც ის წარმოგვიდგენს H6-ში, ექსკლუზიურად ამ გამოფენისთვისაა შექმნილი“, – წერს ANZEIGER24.DE.

„ქართული კვირა“ დაუკავშირდა დავით რომანაძეს გერმანიაში და გაესაუბრა:

დავით რომანაძე: არ ვიცი სხვისთვის ეს წარმატებაა თუ არა, მაგრამ პირადად ჩემთვის, მე საიდანაც მოვდივარ და რა გზაც მაქვს გავლილი, წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, იმედია მიხვდებით იმას, რომ ბევრი ნერვიულობის და შრომის შედეგია და ჰაერიდან არაფერი მოსულა… მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა ვინც გვერდით მედგა ამ გზაზე და ვფიქრობ რომ ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ყოველთვის განსაკუთრებული ადამიანები მხვდებიან და გვერდით მიდგანან…. მადლობა კიდევ იმ ადამიანებსაც ვინც ისე მეხმარება თავისი არსებობით, რომ თვითონაც ვერ ხვდება.

უკვე ერთი წელია გერმანიაში ვცხოვრობ, დედა და ძმა საქართველოში არიან,  მხატვრობის გარდა მეორე პროფესიაც მაქვს,  არქიტექტორი ვარ  და ახლა ამ პროფესიით დავიწყე მუშაობა ბრემენში, ჯერ საცდელი პერიოდი მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა ამ ეტაპზე ამ სფეროში განვითარდე, ახალი აღმოჩენები გავაკეთო და როდესაც საქართველოში ჩამოვალ ამ ცოდნას, იმედია, მანდ გამოვიყენებ. ამის პარალელურად მინდა კიდე ერთი გამოფენაც გავაკეთო, სადაც დიდი რაოდენობით ქანდაკებებს გამოვფენ… ბევრი გეგმა მაქვს, ჯერჯერობით გერმანიაში დარჩენას და დამკვიდრებას ვაპირებ, დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება…“, – განაცხადა დავით რომანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები