ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გელა ზაალიშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლები მოიპოვეს

6 მედალი და გუნდური პირველი ადგილი – ასეთია  საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგი თბილისის გრანდ სლემზე. განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ტურნირის ბოლო დღე: კაცთა სამივე წონაში ქართველებმა გაიმარჯვეს.

-90 კგ წონით კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ორი ქართველი ფალავანი – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდა.  ფინალამდე ლაშამ კანადელ, იაპონელ და ბერძენ მეტოქეებს, ხოლო ლუკამ –  ემირატელ, ისრაელელ და თურქ ძიუდოისტებს აჯობა. ქართული ფინალი უაღრესად დაძაბულად წარიმართა. ბექაურმა სტარტზე ვაზარი აიღო და დაწინაურდა. მაისურაძეს ცდა არ დაუკლია, მაგრამ მომგებიანი გდების შესრულება ვერ შეძლო და ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა. ბექაურმა მეორედ გაიმარჯვა გრანდ სლემზე.

მერე ილია სულამანიძის (-100 კგ) ჯერი დადგა. მან მთელი ტურნირი ჩინებულად განვლო, ზედიზედ ოთხი ბრძოლა მოიგო და  საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. ილია ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს ეჭიდავა, შუა ბრძოლაში ვაზარი აართვა, უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა  და  კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ქართველთაგან მესამე ოქროს მედალს დაეუფლა მძიმეწონოსანი  გელა ზაალიშვილი. მან ფინალამდე გზიდან ჩამოიცილა გერმანელი ლოსენ  კონე, უზბეკი შოხრუხონ ბახტიროვი და კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ენდი გრანადა. საჩემპიონო შეხვედრაში ზაალიშვილმა  თურქი მუნირ ერტუგი დაამარცხა.

უფრო ადრე  საქართველოს ნაკრებს თბილისის გრანდ სლემზე მედლები მოუტანეს გიორგი სარდალაშვილმა (ვერცხლი) და  ლაშა შავდათუაშვილმა (ბრინჯაო).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები