„ავაზა“ საერთაშორისო ტურნირის „Evima Sport Turkish Holidays“ გამარჯვებულია

"ავაზა"

თურქეთის ქალაქ ალანიაში  საერთაშორისო ტურნირი „Evima Sport Turkish Holidays“ ჩატარდა, სადაც 2006 წლიანებში, საფეხბურთო სკოლა „ავაზამ“ ფინალში გაიმარჯვა და ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, გუნდის სამი წევრი საუკეთესოთა შორის დასახელდა. „ქართული კვირა“ თურქეთში გუნდის მწვრთნელს, გიორგი კვანტალიანს დაუკავშირდა და გაესაუბრა.

„ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ჩატარდა. სამწუხაროდ, მიწისძვრის გამო ბევრი გუნდი ვერ ჩამოვიდა და ჩვენს ასაკში, 2006 წლიანებში,  სულ თურქული გუნდები იყო და მათთან მოგვიწია თამაში. ეს გუნდებია: აკდენის ანტალია, ალანიის აკადემია, კონაკლის ალანია და ფინალში შევხვდით მანგავსპორტის აკადემიას. სულ ოთხი შეხვედრა ჩატარდა. მოვიგეთ ორი თამაში, ერთი ფრედ დავამთავრეთ და ფინალშიც გავიმარჯვეთ 2:0. გამარჯვების გოლები გიორგი ქარდავამ და საბა გოშუანმა გაიტანეს.

– როგორც მახსოვს, შარშან ამ ტურნირში მესამე ადგილზე გახვედით და თან ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებად თქვენი გუნდის წარმომადგენლები დასახელდნენ…

– წელსაც ასე მოხდა, საუკეთესო მეკარე გახდა საბა ჩალხაძე, საუკეთესო მცველი გიორგი ქარდავა და საუკეთესო თავდამსხმელი საბა გოშუანი.

ალბათ მომავალ წელს უფრო მასშტაბურად ჩატარდება ეს ტურნირი, თუმცა წელსაც კარგად ჩაიარა, კარგი ორგანიზებული იყო, ბავშვებმა საუკეთესო მინდვრებზე ითამაშეს, ძლიერი გუნდები მონაწილეობდნენ. შარშან რომ მესამე ადგილზე გავედით გვინდოდა, რომ გაგვეუმჯობესებინა შედეგი, ეს იყო ამ ტურნირზე ჩამოსვლის მიზანი და  რომ მოვიგეთ გახარებულები ვართ ძალიან.

29 მარტს თბილისში ვიქნებით და იქ განვაგრძობთ ასპარეზობას. თბილისში ტარდება ჭაბუკთა ლიგა. სიძლიერის მიხედვით არის ოქროს ლიგა, ვერცხლის… ჩვენ ოქროს ლიგაში გადავედით წელს, სადაც საქართველოს მასშტაბით 10 რჩეული გუნდი მონაწილეობს და პრინციპში, ეს ტურნირიც ამ ოქროს ლიგის მოსამზადებელი ერთ-ერთი ნაწილი იყო“, – განაცხადა “ავაზას” მწვრთნელმა გიორგი კვანტალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები