25 მარტიდან წინანდლის მამული ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს

თბილისში ავსტრიის საელჩოს, ავსტრიული ბიბლიოთეკისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ორგანიზებით, 2023 წლის 25 მარტიდან გაიმართება გამოფენა, რომელიც ეძღვნება ავსტრიელი ნოველისტის, სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

ქალბატონი ზუტნერი მეუღლესთან ერთად საქართველოში დადიანების ოჯახის, კერძოდ, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის მოწვევით ჩამოვიდა. აქ გატარებული ცხრა წელიწადი მისთვის საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობაში მომავალი საქმიანობის შთაგონებად იქცა.

„გამოფენის მიზანია, დამთვალიერებელს გააცნოს ცნობილი ავსტრიელი მწერალი, რომელსაც განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოსთან, ყურადღება გაამახვილოს ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრების აქ გატარებულ პერიოდზე და იმაზე, თუ რა გავლენა იქონია ამ წლებმა მის შემდგომ საქმიანობაზე საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობაში“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენის დათვალიერება ორი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები