ინდოეთში ქართული თეატრის კვირეული დასრულდა

დასრულდა ქართული თეატრის კვირეული ინდოეთში, სადაც 4 ქართული თეატრალური დასი მონაწილეობდა. თავისუფალი თეატრის, ათონელის, ოზურგეთისა და ცხინვალის თეატრის მსახიობებმა 4 სპექტაკლი წარადგინეს.

თეატრალური კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა წულუკიძე: „ჩვენმა კვირეულმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უამრავი გაზეთი გამოეხმაურა, ყველა თეატრზე, ყველა სპექტაკლზე რეცენზიებია დაბეჭდილი. არაერთი სიუჟეტი გაკეთდა, ამდენმა ადამიანმა გაიცნო ქართული თეატრი, ქართული კულტურა… მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, რომ საშუალება მოგვეცა აქ ჩამოვსულიყავით და ინდოელი მაყურებლისთვის გვეჩვენებინა ჩვენი შემოქმედება. განსაკუთრებული მადლობა დარპან პრაშერს, რომელიც სულ ცდილობს დიდი ხიდი გადოს ქართულ-ინდურ კულტურას შორის და ეს იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ასეთი სიყვარულით გამოვიდა ეს კვირეული.“

„დამთავრდა ქართული თეატრის კვირეული აგრასა და ჯაიპურში, რომელიც ძალიან მაგრად ჩატარდა, ბევრი ადამიანი მოვიდა ქართული კულტურის გასაცნობად. ძალიან კმაყოფილი ვარ, დიდი მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, მათი მხარდაჭერის გარეშე ეს არ მოხდებოდა, დიდი მადლობა ინდური კულტურული ურთიერთობის საბჭოს (ICCR- Indian Council of Cultural Relations), შტატი უტარპრადეშის მთავრობას, ჯავაჰარ კულტურის ცენტრ ჯაიპურს (Jawahar Kala Kendra), დიდი მადლობა იმ მაყურებელს, რომელმაც დაგვაფასა და დიდი მადლობა ყველა დასს, რომელიც აქ ჩამოვიდა და ასე დაასრულა თავისი საქმე“, განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა დარპან (დარისპან) პრაშერმა.

თეატრალური კვირეულის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასა და ინდოეთის ფერების სამყაროს კულტურის ინსტიტუტს შორის.

საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების  სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ საბაშვილი: „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება რანგლოკის თეატრთან, შემოდგომაზე ჩვენი თეატრის დასი აქ სპექტაკლით ჩამოვა, ასევე, მსოფლიოში ერთ – ერთ ყველაზე დიდ, დელის თოჯინების თეატრის მუზეუმთან გავაფორმებთ მემორანდუმს და რა თქმა უნდა, სტუმრად ჩამოვალთ დელიშიც. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ინდოეთს და დარისპანს ამ სტუმარმასპინძლობისთვის, ეს ჩვენი ურთიერთობის საწყისია“.

ქალაქ აგრაში, ქართული თეატრის კვირეულის პარალელურად, მარიამ აქუბარდიას, ბიძინა სიდიანის და პაპუნა პაპასკირის ნახატების გამოფენა გაიმართა სახელწოდებით “გაგრიდან აგრამდე”

ქართული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი ინდოეთში წელს პირველად, საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. თეატრალური ფორუმს 12-იდან 17 მარტის ჩათვლით, აგრას და ჯაიპურის თეატრის მოყვარულებმა უმასპინძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები