დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმიდა კალისტრატეს ხსენების დღეა

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ერისკაცობაში კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე) დაიბადა 1866 წლის ძვ.სტ. 12 აპრილს, ქუთაისის გუბერნიის (ამჟამად ვანის რაიონის) სოფ. ტობანიერში. ის ბავშვობისას შეხვდა თავის სოფელში ჩასულს, იმერეთის წმიდა ეპისკოპოსს გაბრიელს (ქიქოძე), რომელთან შეხვედრამაც განსაზღვრა მისი მომავალი სასულიერო მოღვაწეობა. 1875-1882 წლებში, იგი სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1888-1892 წლებში სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაასრულა წარჩინებით, წარმატებულად დაიცვა სადიპლომო ნაშრომი “ივერიის ეკლესია სასანიდების პერიოდში” და მიენიჭა ღმრთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. კიევში მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ოტილია ტომასი, რომელზეც იქორწინა. წყვილი დაბრუნდა საქართველოში და შეეძინათ ექვსი შვილი. 1893 წლის ძვ.სტ. 11 აპრილს აკურთხეს დიაკვნად, ხოლო ძვ.სტ. 18 აპრილს – მღვდლად და განამწესეს დიდუბის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახ. ტაძარში. 1903 წელს, იგი გადაიყვანეს ქაშუეთის წმიდა დიდმოწამის გიორგის სახ. ტაძარში. 1909 წელს მღვდელს კალისტრატეს მიენიჭა დეკანოზის წოდება. დეკანოზი კალისტრატე გახლდათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ერთ-ერთი მოწინავე მებრძოლი… 1917 წლის ძვ.სტ. 12 მარტს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ჯერ, დროებით მმართველობაში, ხოლო შემდეგ, საკათალიკოსო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1923 წლის იანვარში, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, იგი ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრა. საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ, 1925 წლის 31 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა ამბროსიმ (ხელაია) იმჟამინდელ ქართველ მღვდელმთავართა თანამსახურებით, დეკანოზ კალისტრატეს ხელი დაასხა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად და მას მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება. 1925 წლის 11 ნოემბერს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. 1926 წლის 30 დეკემბერს, მიტროპოლიტმა კალისტრატემ უარი განაცხადა მოსაყდრეობაზე… 1932 წლის 10 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე მესამეს (ციცქიშვილი) გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტი კალისტრატე არჩეულ იქნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. ამავე წლის 21 ივნისს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეექვსე საეკლესიო კრებამ, იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ, ურთულეს, მრავალი სიძნელით აღსავსე 1932-1952 წლებში უმამამთავრა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ღმრთის შეწევნით, მრავალი ღვაწლი დასდო მას… იგი ღმრთივმიიცვალა 1952 წლის 3 თებერვალს. დაკრძალეს თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2016 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) წარდგინებისა და მოხსენების საფუძველზე, წმიდანად შეირაცხა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) და მისი ხსენების დღედ ძველი სტილით 21 იანვარი – ახალი სტილით 3 თებერვალი დადგინდა.
მოამზადა ისტორიის დოქტორმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები