“დღევანდელი თოლივით ხვავრიელი და ბარაქიანი ქენი წრომანდელი წელიწადიო” – როგორი იყო ზამთარი გურიაში 

ზამთარ-ზაფხულ, სულ “სიცოცხლის სამოსახლოა გურია” – თავისი განსაკუთრებული კოლორიტით, ისტორიებითა და ამბებით, რომელიც, მართალია, მხოლოდ გურიაში არ ხდებოდა, თუმცა აქაურები სულ სხვაგვარად აღიქვამდნენ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ამბებს. 

ზურა შევარდნაძე იმდროინდელ ამბავს იხსენებს, როცა გურიაში ჯერ კიდევ ისე თოვდა, სახლის გადასათოვლად (სახურავიდან თოვლის მოსაშორებლად) მეზობლები რომ ერთმანეთს ნადში უდგებოდნენ: 

“გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა.

დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა.

მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა.

მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავს, მთისპირის, ვანიქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, “გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის არ აგვცდებაო”- იტყოდა ბაბუა.

ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ.

ნაშუადღევს დაიწყებდა, ჯერ ხოშხოშელას ჩამოყრიდა, მერე ფანტელად გადაიქცეოდა, მოდიოდა და მოდიოდა, შრაშუნით, შუშუნით, ნელა და ხვავრიელად…

თუ მოუქროლებდა და მარიამის გორიდან ნამქერს წამოიღებდა, უცბად მობურდნავდა.

არ ჰქონდა ჩვენს სიხარულს საზღვარი.

საღამოს ბაბუა იტყოდა – “ასე თუ ქნა, დილას სახლები დასათოლი იქნებაო” და თავის ცნობილ მოხრილპირიან ბამბისხის ნიჩაბს გამოაძრობდა საჩხინავიდან. ნაკვერჩხალზე ღორისქონიან ქილას შეათბობდა და ჭინჭით, საგულდაგულოდ გაპოხავდა ნიჩაბს. ჩახანის ნაპირს ჩამოფხეკდა, ჟანგარას მერდინში გამოცრიდა, ქონში გადაზელდა და მაღალყელიან, ტყავის ჩექმებს წასცხებდა.

ზურიკონა, შენი ჭირიმე, რაღადროის შენხელა კაცის სახურავზე ბღოტიალია? არ ახვიდე ეგებე წელს, ბიჭებმა ქნან..”

” ხომ კი? ბაღნები გუუშუა ზეთ და მე ფუხართან ვიჯდე!!”

ყოველ წელს ერთი და იგივე სიტყვები..

“ღმერთო გამჩენელო, შვიდობა ქენი. შვიდობით მოსული შვიდობით წეიყვანე.” ამ დღისთვის გადარჩეულ სიმინდის ფრჩხილისხელა, თეთრ მარცვლებს ჩამოკიდებდა ბუხარში, ჟაჭვზე ჩახანით.

ასე დიდი თოვლი ერთხელ აუცილებლად მოდიოდა ყოველ წელს, ითვლებოდა დიდ წყალობად, დიდ საკრალურ ამბად, ახლდა დარდი და ზორი.

ძალისძალად დაგვაძინებდნენ. დილით, დაორთქლილი ფანჯრიდან ბადაბუმბლულ ეზოს რომ დავინახავდით, ყვირილით ვიკლებდით იქაურობას.

ჩვენს გაღვიძებამდე ბაბუას გაკვალული ჰქონდა გზები ქუხნამდე, ჭამდე, წინა და სამეზობლო ჭიშკრებამდე. პატარა შენობებს, ნალიას, ხულას, საშეშეს, საბძელს, სათივეს, საქათმეებს და მისთანებს ზედ აუსვლელად, ბარნაბით გადმოთოლავდენ. სახლების გადმოთოვლა ცალკე საკაცებო, საერთო სამეზობლო საქმე და საკეთებელი იყო. დაუძახებდნენ ერთმანეთს ზურგზე ნიჩბიანი მეზობლის კაცები, უთქმელად იყო დადგენილი ჯერ ვისი სახლი ითოლება, მერე ვისი და ბოლოს – ვისი. პირველად უკაცო და ქვრივების სახლებს მიხედავდნენ, სირცხვილად ითვლებოდა მთელი სოფლისთვის,დაუთოლავობით სახლის დანგრევა და ამიტომ. შეძრებოდნენ პარმაღიდან სხვენში და სხვენიდან სამტრედის პატრა ფანჯრიდან გამოდიოდნენ სახურავებზე.

სახლიდან ჩამოსულებს ცხელ ბუხარს დაახვედრებდნენ და პატარა სუფრას, მხოლოდ ერთს დალევდნენ თაფლის არაყს “გულის სიმაგრიზა” და ხაპის ნატეხს მიატანდნენ. სახლზე ამსვლელი კაცის არც დალევა ვარგა და არც სიმაძღრე.

ამ დღეს სხვანაირად ერთიანი და მხიარული იყო სოფელი, ყველა სახლი ითოლებოდა, ყველა ერთმანეთს ეხმიანებოდა სახურავებიდან, დაბნელებამდე იყო გადაძახილები..

ბაღნებისთვის სახლის წინ ჩიტების მოსახმობად ნაცრით მოაშავებდნენ მოტკეპნილ თოვლს და რაგვს გაგვიმართავდენ, ირენჭკაზე შეაყენებდა მამა დამხობილ გობს და ძაფის ბოლოს ფანჯარაში შემოყოფდა. მოგროვდებოდნენ ჩიტები, გამოვუშლიდით ფეხს და გობის ქვეშიდან გამოვიყვანდით გულაფართხალებულ ბეღურებს, ყელწიას, ღობემძრალას, იშვიათად წლევანდელი გამოუცდელი შაშვის ან ჩხართვის ბარტყიც გაებმებოდა მახეში, ვკიოდით სიხარულით, მოვეფერებოდით და ბებიას დარიგებით თავზე შემოვლებულს გავუშვებდით. მოხუცებს სჯეროდა, რომ ყველა დაჭერილი და დახსნილი ჩიტი ბაღნების სატკივარს თან წაიღებს.

ბოლოს მიხედავდნენ ნიჩბიანი კაცები ჩვენს სახლს, “აფერის დერდი არ მაქ, ზოტიდან ჩამოტანილი კაცისიმსხო კავი და სარაბახი მიწყვია ზეთ, ერთი კვირე ითუოს არ გაქანდება” – იტყოდა ბაბუა, მარა მაინც… ამოისუნთქავდა სახლები, აღარ გაუდიოდა წაბლის ღოჯეს წკიპინი და დამშვიდდებოდნენ ქალებიც.

სახურავიდან ჩამოყრილი თოვლი ამოყორავდა პირველი სართულის ფანჯრებს და ოთახებში ჩამობნლდებოდა, სხვანაირად დათბებოდა და დამყუდროვდებოდა.

ბოლო სახლში სანაქებო სადილს გაშლიდნენ, ფუთიან ქვის კეცს არეკავდა ბებია, ღორის ფერდი და კუპატი, თხილიანი ჯეჟერა ფხალის და კუხე პამიდორის მჟავე.

-ბეურ თოვლობას მოვსწრებოდეთო..

-რაფერც შვიდობთ მოგვიბრძანე ისე შვიდობით დაგვეხსნასო..

-დღევანდელი თოლივით ხვავრიელი და ბარაქიანი ქენი წრომანდელი წელიწადიო და ამის მაგვრები ბევრი..

რახანია გურიაში სახლი აღარ დათოვლილა, აღარ მოდის თოვლი, ნეტა რამე ხომ არ დავაშავეთ და ვაწყენინეთ გამჩენელს?

ზურა შევარდნაძე

ფოტო: გიორგი მახარაძის

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები