უნიკალური ფოტოები და დოკუმენტები დანა ამილახვრის არქივიდან-ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი უმნიშვნელოვანესი ექსპონატებით შეივსო

ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი უმნიშვნელოვანესი ექსპონატებით შეივსო. უნიკალური ფოტოები და დოკუმენტები დანა ამილახვრის არქივიდან, 30 იანვრიდან, დამუშავებისა და შესწავლის ობიექტი გახდება.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის მირიან ხოსიტაშვილისა და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის ლევან თაქთაქიშვილის ვიზიტი პარიზში წარმატებით დასრულდა.

ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი იტყობინება.

“პარიზიდან მოვფრინავ! კმაყოფილი ვარ.

სულ მცირე, 6 წელი ველოდი ამ ფოტოს ნახვას! მეტიც! ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 10 წლის წინ ჩემმა მეგობარმა გიორგი მამულიამ მითხრა: დანა ამილახვრის ალბომები ვნახე და იქ იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის ფოტოები, რომლებიც ერთმა რუსმა კოლექციონერმა ამოხია და დანა ამილახვარი ამ ფოტოებს აღარავის ანდობსო. იქ მაინც დარჩა ქაქუცას ფოტო, მაგრამ დანა უარზეაო. მას მერე ქალბატონი დანა გარდაიცვალა, დავიწყე მის შვილთან კავშირების გაბმა. ცუდად იყო დანას ქალიშვილი. ისიც ისე გარდაიცვალა, რომ მხოლოდ წერილობითი ურთიერთობები დარჩა იმეილის არქივში.
არ მოვეშვი და დავიწყე დანას შვილიშვილის მოძიება. ვის არ ვთხოვე-ქალბატონ მანანა თაქთაქიშვილს, ჩემს ნათესავს და ფიგურას საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს ელჩს საფრანგეთში ბატონ გოჩა ჯავახიშვილს, ბოლოს და ბოლოს გადაწყდა: დამპატიჟეს ამ არქივის სანახავად, მაგრამ… არ გქონდეს იმედიო, არაფერი მნიშვნელოვანი არ იქნება – ერთი პატარა ჩემოდანიაო. მე მაინც იმედი მქონდა: პატარა ჩემოდანში შესაძლებელია, ყოფილიყო ალბომები, მაგრამ რა დაგემართება, როცა შეხვედრაზე გამოგიტანენ დიპლომატის ჩემოდანს, ხელის კანკალით გახსნი და… უმნიშვნელო დოკუმენტები.
ფოტოები? ვკითხე პატრონს… ისე გამომივიდა, ჭრიჭინაში რომ ამბობს მარინე : ვაშლი, მიჩურინის ვაშლი!
მეც აღმოვთქვი: ქაქუცას ფოტოები?
ბატონი გოჩა ჯავახიშვილი თანაგრძნობით მიყურებს, მირიან ხოსიტაშვილიც, ქალბატონი მანანაც, რომლებიც ესწრებიან ამ შეხვედრას, გუშინდელს!
– სადმე ხომ არ შეიძლება გქონდეთ შენახული ქალბატონი დანას არქივი? ვეკითხები… ქალბატონი დანას შვილიშვილს! უთარგმნიან. სახეზე ვატყობ, შეყოვნდა… სხვენზე უნდა იყოს მეთქი – წავილუღლუღე, ბატონი გოჩა მეკითხება – დანამდვილებით იცი, რომ ჰქონდაო, მამულიამ ნახა მეთქი – და უცებ : სარდაფში მაქვს რაღაცები, მაგრამ ჭუჭყია იქო. ვნახავ მეთქი. ჩავედით სარდაფში მე და მირიანი. ჩანთები! ერთ ჩანთას აწერია: foto! ალბომებიც იქ არის! არის! არის! დანა ამილახვრის შვილიშვილი ქალბატონი ღიმილით მიყურებს. არქივს გვჩუქნის, დანა ამილახვრის ფოტოებს გვათხოვებს! ერთი სული მაქვს, სასტუმროში მივიდე! შევრბივარ ოთახში და ვათვალიერებ ალბომს . აი, ქაქუცა! ალბომში სხვა ქართველებიც არიან – ალექსანდრე სულხანიშვილი, ბაგრატიონ – მუხრანელები. პირველი მამულიას ვურეკავ და ვაგებინებ ამ ამბავს, ფოტოსაც ვუგზავნი! დასტურია! ისაა! აბა გადაამოწმე – ამ ალბომში წულუკიძის ფოტოს ადგილი უნდა იყოს ფრანგული წარწერით, ფოტო კი ამოხეულიაო. ასეა!! რა მეხსიერება აქვს ამ მამულიას!
ეს იყო და ეს, ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივიტან ამ არქივს. ვინ იცის, იქ რა დამხვდება! უპირველესი მადლობა დანა ამილახვრის შვილიშვილს, ქალბატონ ფლორანსს ნდობისათვის და ჩემს გამგებ და გვერდში მდგომ ყველა ადამიანს, რომელიც ამ საქმეში დამეხმარა! აი, ფოტოც!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები